ფილადელფიური გამოცემა - სულგუნი ჩედარის ყველის შესანიშნავი ალტერნატივაა, რომლითაც შეიძლება, ორი „ჯორჯია“ ჰარმონიულად გაერთიანდეს
ფილადელფიური გამოცემა - სულგუნი ჩედარის ყველის შესანიშნავი ალტერნატივაა, რომლითაც შეიძლება, ორი „ჯორჯია“ ჰარმონიულად გაერთიანდეს

ფილადელფიური ინტერნეტგამოცემა „ფილი“ (Philly.com) ქართული ყველის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ქართული სამზარეულო მრავალმხრივ უნიკალურია. საქართველოს სამზარეულო გამოირჩევა ნიგვზის, ლობიოსა და ქლიავისადმი სიყვარულით, ნავის ფორმის პურით და მსოფლიოში ღვინის უძველესი მწარმოებელი ქვეყნის სტატუსით.

„ქართველებს ასევე გააჩნიათ ყველის განსაკუთრებული კულტურა“, – აღნიშნავს ავტორი.

სტატიაში სულგუნი შედარებულია იტალიურ მოცარელასთან. ავტორი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, მისი შებოლილი ვარიანტის დაგემოვნებაც. სტატიაში მკითხველს ასევე უყვებიან გუდის ყველის შესახებ, რომელიც ცხვრის რძისგან მზადდება. პუბლიკაციაში მეგრული ხაჭაპური ყველის პიცასთან არის შედარებული.

ავტორი განმარტავს, რომ სულგუნს განსაკუთრებული როლი აქვს მეგრული ხაჭაპურის გამოცხობაში, სადაც ცხობისას სულგუნს ხაჭაპურს ზემოდან აყრიან. ასევე, სულგუნს იყენებენ ნავის ფორმის აჭარულ ხაჭაპურში, სადაც ყველი კვერცხთან და კარაქთან ერთად ნავის შიგთავსს წარმოადგენს.

„სულგუნი ასევე წარმოადგენს საიდუმლო ინგრედიენტს სიმინდის ფქვილისგან დამზადებულ ქართულ ნამცხვარში, რომელიც ცნობილია ჭვიშტარის სახელით, რაც მაფიქრებინებს, რომ სამხრეთში ეს იქნება შესანიშნავი ალტერნატივა ჩედარის ყველისთვის სამხრეთულ გრიცში (სიმინდის ფქვილისგან დამზადებული კერძი აშშ-ის სამხრეთ შტატებში, მათ შორის ჯორჯიის შტატში), სადაც ორი „ჯორჯია“ – ამერიკული და კავკასიური – შეიძლება, გაერთიანდეს იდეალურ ჰარმონიაში“, – აღნიშნავს ფილადელფიურ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი.

დატოვე კომენტარი