ცხრა კილოგრამი „ჰაშიშის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
12 აპრილს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისში დაკავებული გიორგი კიკვალიშვილს აღმკვეთ ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმსჯელეს.
დაცვის მხარე სასამართლოს ალტერნატიული აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას სთავაზობდა, თუმცა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ადვოკატების პოზიცია არ გაითვალისწინა.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის შემთხვევაში არსებობდა მტკიცებულების განადგურების, მოწმეებზე ზეწლის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის რისკები.
ამასთან, პროცესზე პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა განაცხადა, რომ ჩასატარებელია მთელი რიგი ექსპერტიზები, დასადგენია თანამზრახველთა ვინაობა და ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში შემოტანის მოტივი. სწორედ ამ ფაქტორების გამო ითხოვდა სახელმწიფო ბრალდება აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას.
დაცვის მხარის არგუმენტები კი მტკიცებულებების არარსებობას ემყარებოდა. კერძოდ ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა მოსამართლეს განუცხადა, რომ „რეალურად არ არსებობს მტკიცებულება, რომ აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება მართლაც ბრალდებულს ეკუთვნის, ან დაკავებულს რაიმესახის შემხებლობა მაინც ჰქონდა მას ამ ყველაფერთან“.
გარდა ამისა, დაცვის მხარე აპელირებდა, რომ დაკავებულმა თავად გამოთქვა სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობის და მიაწოდა მათ ყველა სახის მის ხელთ არსებული ინფორმაცია.
ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, სიტუაცია გარკვეულწილად კურიოზულია რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ნარკოტიკების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. კერძოდ, ადვოკატის განმარტებით, გიორგი კიკვალიშვილს რამდენიმე წლის წინ საზღვარგარეთ გაცნობილი მეგობარი დაუკავშირდა, რა დროსაც მას უთხრა, რომ საქართველოში აგზავნიდა ამანათს.
“გიორგი კიკვალიშვილს მეგობარმა სთხოვა, რომ გამოეტანა და რამდენიმე დღით შეენახა, მოგვიანებით კი ამ ნივთს თავად ან სხვა მეგობარი წაიღებდა. აღნიშნული კონტაქტი კი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ხდებოდა”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე განცხადებით, სწორედ ეს თხოვნა შეუსრულა ბრალდებულმა უცხოელ მეგობარს, რა დროსაც ის დააკავეს.
ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არათუ დამნაშავე, არამედ მსხვერპლია.
1992 წელს დაბადებული გიორგი კიკვალიშვილი ამანათების საერთაშორისო კომპანია DHL-ის ოფისთან 12 აპრილს დააკავეს. სამართალდამცველების განცხადებით, მათ ოპერატიული ინფორმაცია გერმანელმა კოლეგებმა მიაწოდეს. ოთხი ქანდაკება კი, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება იყო დამალული, ნეპალიდან გერმანიის გავლით საქართველოში იყო გამოგზავნილი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლით მიმდინარეობს.