ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც სააგენტო „რესს“ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ კოჩიევმა აცნობა, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა, წნელის დასახლებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრული ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის გააჩერა.

კოჩიევის თქმით, „ინციდენტის გამო გააქტიურდა ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც, მისიის დამკვირვებლებს ეცნობათ, რომ მსგავსი ნაბიჯები დაუშვებელია, რამდენადაც ისინი სერიოზულად უთხრის ძირს, აღნიშნულ რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ ისედაც მყიფე ვითარებას“.

„დამკვირვებელთა აღნიშნული ქმედებები უისტის რაიონში (წნელისი) ვითარების განმუხტვის საკითხზე მორიგი ტექნიკური შეხვედრის წინ, პროვოკაციულია“, – აცხადებს იგორ კოჩიევი.

მონიტორინგის მისიის წევრების განმარტებით, მათ „ორიენტირება დაკარგეს და გზა აებნათ“. თუმცა, როგორც ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, მისიის წევრები ნავიგაციის უახლესი მოწყობილობებით იყვნენ აღჭურვილი.