სუს-ი - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადება, თითქოს ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლი გახსნეს, არის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაცია
სუს-ი - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადება, თითქოს ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლი გახსნეს, არის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაცია

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი სოფელ წნელისთან არსებულ საგუშაგოსთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკისა და როტაციული პირადი შემადგენლობის მობილიზების შესახებ წერს.

„საქართველოს სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული „წნელისის კრიზისის“ მშვიდობიანი და დიპლომატიური დარეგულირებისადმი მხარდაჭერის შესახებ თბილისის არაერთი დაპირების მიუხედავად, ქართული მხარე განაგრძობს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული წვრილმანი პროვოკაციების უპასუხისმგებლო პოლიტიკას”, – ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მტკიცებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო სასაზღვრო სამსახური აფიქსირებს სოფელ წნელისთან, საგუშაგოსთან საქართველოა შსს-ს ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გადასროლას.

ამასთან, საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ ხაშურის რაიონის სოფელ კობიდან, სადაც საქართველოს პოლიციის დამატებითი ძალებია განთავსებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ავტომატური იარაღიდან 10-15 გასროლა განხორციელდა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. კა-გე-ბე-ში აცხადებენ, რომ ინციდენტს მსხვერპლი და „სასაზღვრო ინფრასტრუქტურის” დაზიანება არ მოჰყოლია.

„მოცემული ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს შსს უკანონო პოსტი სოფელ წნელისთან კვლავ რჩება აქტუალურ საფრთხედ არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთისთვის, არამედ როგორც ქართველი, ისე ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის”, – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც საქართველოს პირველ არხს სუს-ში განუცხადეს, აღნიშნული არის მორიგი დეზინფორმაცია.

„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება“,- აცხადებენ სუს-ში.

დატოვე კომენტარი