ციხელაშვილი - ჟენევის მოლაპარაკებების მაგიდა რუსულ მხარეს პირველად არ დაუტოვებია
ციხელაშვილი - ჟენევის მოლაპარაკებების მაგიდა რუსულ მხარეს პირველად არ დაუტოვებია

რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადებები გაკეთებულა ადრეც და ახალი არაფერია. თუ ვინმეა დაინტერესებული, ეს არის ქართული მხარე, რომ ძალის არგამოყენების ვალდებულება იქნეს სრულად შესრულებული, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ძალის არგამოყენების ვალდებულება ქართულ მხარეს შესრულებული აქვს, ახლა ჯერი რუსეთზეა.

,,შედგა 42-ე რაუნდი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა. ამ რაუნდზე ქართულმა მხარემ ყველა ის საკითხი წამოჭრა, რომელიც აქტუალური გახლავთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებს, რომელიც უკავშირდება ადამიანების მდგომარეობას უშუალოდ ორივე რეგიონში, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობას და იმ შეზღუდვებს, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება საკმაოდ დისკრიმინაციული მიდგომით და აუცილებლობას იმისა, რომ უნდა დადგეს შესაძლებლობები მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, არ შეფერხდეს და გაფართოვდეს უკვე შეზღუდული შესაძლებლობები, რომელიც უკავშირდება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მოსახლეობისთვის, ვინც გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს, მაგრამ არა მხოლოდ მათთვის, არამედ მთლიანად რეგიონის მოსახლეობისთვის. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგორში მაცხოვრებელი მოსახლეობის მდგომარეობას”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისი თქმით, ბუნებრივია საუბარი შეეხო ისეთ თემებს, რომელიც არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი საყრდენი საკითხები –  ძალის გამოუყენებლობა, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობა, ასევე დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყება და ხელშეწყობა.

„ეს საკითხები დიდწილად უკავშირდება 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და სწორედ ამ კონტექსტში იქნა დაყენებული, მათ შორის ძალის არ გამოყენების ვალდებულების შესრულების გამოყენების აუცილებლობა. ქართულმა მხარემ საკუთარი ვალდებულებები უკვე თავიდანვე პირნათლად შეასრულა. ვალდებულებები, რომელიც აქვს შესასრულებელი რუსეთს, ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც ისმის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დისკუსიებზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა დევნილთა დაბრუნების საკითხი. სამწუხაროდ, ამ დისკუსიების გამართვა უკავშირდება ძალიან პოლიტიზ​ირებულ მცდელობებს, იმისა, რომ არ შედგეს ასეთი დისკუსია, თუმცა მე მინდა გამოვთქვა იმედი და კიდევ ერთხელ მოვუწოდო, ყველა ჩართულ მონაწილეს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს”, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.