ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა
ციციშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თვემდე ასაკის ბავშვი ბრიტანული „ალფა“ შტამით იყო ინფიცირებული და ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად.
„სამწუხაროდ, კლინიკაში მოთავსებული პაციენტი, რომელიც ჩვენთან მკურნალობდა ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში და იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, გარდაიცვალა. ინფიცირებული იყო „ალფა“ ბრიტანული შტამით. მიუხედავად იმისა, რომ ჩართული იყო სამედიცინო პერსონალი, არა მხოლოდ ჩვენი კლინიკის, არამედ ქვეყნის სამედიცინო ბორდი, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. კლინიკაში პაციენტი შემოვიდა ხუთი დღის ასაკში. მალევე მოხდა სუნთქვის უკმარისობის კლინიკის ჩამოყალიბება, გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. საკმაოდ ხისტი პარამეტრებით, ძნელად ემორჩილებოდა მკურნალობას“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.
რაც შეეხება კლინიკაში მყოფ კიდევ ორ მცირეწლოვანს, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებული, რეხვიაშვილის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
„დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობაც არის უკიდურესად მძიმე. ერთ-ერთთან არის ბრიტანული შტამი, ერთ-ერთთან კი, ინდური. ამ ეტაპზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს მათი მდგომარეობა“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.