ციციშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ჩვილის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
ციციშვილის სახელობის ბავშთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ჩვილის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კლინიკაში მიმართვიანობა მომატებულია.
„ამჟამად, კლინიკაში 122 პაციენტია, აქედან 67 არის ბავშვი, დანარჩენი უფროსები არიან – მშობელი, დედა ან მამა. ზოგადად, სხვა პაციენტების მდგომარეობა, გარდა იმ სამი პაციენტისა, რომლებიც რეანიმაციაში მართვის სუნთქვაზე იმყოფებიან, საშუალო სიმძიმის ან მსუბუქია. რასაკვირველია, ბოლო კვირების განმავლობაში მომართვიანობა მომატებულია.
სამივე პაციენტი ჩვილია, ერთი ახალშობილი უკვე 20 დღის არის. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ამჟამად, მათი მდგომარეობა გაუარესების გარეშეა, ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამეტრებს. ერთ-ერთთან ინოტროპული დახმარებაა საჭირო, დანარჩენ ორს არ ესაჭიროება დახმარება, მდგომარეობა მძიმეა. ერთ ჩვილთან დადასტურებულია დელტა შტამი, კიდევ ერთთან ალფა შტამი, მესამე პაციენტის ნიმუშის ღრმა კვლევის შედეგი კი ჯერ არ მიგვიღია. ამ ახალი შტამის გამო უფრო მეტი ავადობა ბავშვებში გამოიხატა. ალფა შტამთან შედარებით, გაახალგაზრდავდა კოვიდის ასაკი. ახლა მეტი ბავშვი ავადობს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველა მძიმეა. ძირითადად კლინიკური ნიშნებით არც განსხვავდება დელტა შტამი, უბრალოდ ძალიან გადამდებია. ყველაზე მნიშვნელოვანია, ავიცრათ, რადგან ჩვილ ბავშვს კოვიდინფექცია მხოლოდ მშობლისგან ან ოჯახის წევრისგან შეიძლება, გადაედოს. ამჟამად, ჩვენი კლინიკა ისევ ჰიბრიდულად რჩება. ვამატებთ საწოლებს და უნდა შევასრულოთ 155 საწოლი“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.