ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, რომ „ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობა გაზრდილია
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, რომ „ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობა გაზრდილია

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი აცხადებს, რომ „ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ კლინიკაში პაციენტთა მიმართვიანობა გაიზარდა. მისი თქმით, ბოლო 24 საათში კლინიკას 58-მა პაციენტმა მიმართა.

ამასთან, როგორც დავით რეხვიაშვილი ამბობს, დღეს კლინიკაში მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

„ომიკრონის“ შტამის გავრცელების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა მომართვიანობა პედიატრიულ მიმართულებაში. ჰოსპიტალიზაციების ზრდა დაფიქსირდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც „ომიკრონი“ გავრცელდა. გამონაკლისი ვერ ვიქნებოდით და რა თქმა უნდა, ჩვენთანაც გაიზარდა ჰოსპიტალიზაცია პედიატრიულ მიმართულებაში. თუ გუშინწინ პაციენტების მომართვიანობა 24 საათში იყო 38, გუშინ უკვე 58 პაციენტი შემოვიდა. ერთი დღის კვალობაზე ასეთი ზრდა დიდი ციფრია და მოგეხსენებათ, კლინიკა საკმაოდ რთულად გაუმკლავდება, თუ მომართვიანობის ზრდა ასეთი ტემპით გაგრძელდა. ამ ეტაპზე ჩვენი კლინიკა 175 საწოლზე არის გაშლილი და 165 პაციენტი უკვე მკურნალობს. აქედან 21 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. სამწუხაროდ, სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება.

„დელტა“ შტამთან შედარებთ, „ომიკრონს“ რა თქმა უნდა, უფრო მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და ამას აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც, თუმცა, რადგან შემთხვევათა რაოდენობა მაღალია, დაბალი რიცხვი აბსოლუტურ ციფრში საკმაოდ მაღალ ციფრად ითვლება. ძირითადი მომართვიანობა არის ცხელების გამო და, როგორც წესი, სამი დღე გრძელდება. ასევე, ერთვება გულის რევა-ღებინება, ზემო სასუნთქი გზების კატარული მოვლენები, იშვიათ შემთხვევებში, არის ფილტვის დაზიანებებიც. არც ერთი ვაქცინირებული პაციენტი არ გვიწევს კლინიკაში. მშობლებიდან 20 არის ვაქცინირებული, აქედან რამდენიმეს აქვს კოვიდინფექცია, თუმცა მსუბუქად მიმდინარეობს. ასაკობრივი კუთხით, სამი მძიმე პაციენტიდან ერთ-ერთი არის წლამდე ასაკის, საშუალო-სასკოლო ასაკის და მოზრდილი. ასაკობრივ ჯგუფს თუ ვიტყვით, მომართვიანობა ძირითადად არის ბავშვების ხარჯზე. რეანიმაციაში პაციენტი თავსდება დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე და ასევე იმ რისკფაქტორებიდან, რომელიც პაციენტს აღენიშნება“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.