ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის მიუხედავად, მიმართვიანობა არ გაზრდილა
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის მიუხედავად, მიმართვიანობა არ გაზრდილა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების სწრაფად, ნახტომისებურად ზრდის მიუხედავად, ციციშვილის კლინიკაში ინფიცირებულთა მიმართვიანობა არ გაზრდილა.

მისივე თქმით, რეანიმაციაში მყოფი სამი კრიტიკული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში ძალიან ნახტომისებურ ზრდას ვხედავთ დადებითობის მაჩვენებელში, ჩვენთან მომართვიანობა სტაბილურად, ერთსა და იმავე ნიშნულზე ნარჩუნდება. ეს დამსახურებაა იმის, რომ რეგულაცია შეიცვალა და სწორი, დროული მომართვა ხდება პაციენტების, მეორე – დაემატა პედიატრიული კოვიდკლინიკები და ამანაც შეამსუბუქა სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კლინიკის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ასეთი დრამატული ზრდის მიუხედავად, მომართვიანობა არ გაზრდილა. რეანიმაციაში 20-ზე მეტი პაციენტია. სამი კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალია ხუთი ადგილი, თუმცა დინამიურად ხდება ახალი პაციენტების მიღება და ძველი პაციენტების გაწერა, ამიტომ ეს მონაცემი იცვლება ხოლმე“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

დავით რეხვიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების სწრაფი გავრცელება მაქსიმუმ კიდევ ერთი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი.

„შემთხვევების რაოდენობის ზრდას ალბათ გარკვეული ზღვარი აქვს, რადგან ვირუსის გავრცელების ჯაჭვის შეწყვეტის შემდეგ გარკვეული იმუნური ფენა შეიქმნება. კარგი იქნებოდა, რომ იმუნური ფენა აცრებით და ბუსტერის საშუალებით ყოფილიყო. სამწუხაროდ, ასე არ ხდება. განსაკუთრებით ბავშვებში, დაბალია აცრის მაჩვენებელი, თუმცა კარგია, რომ გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი. ჩემი აზრით, ცუდ ტემპს, რასაც ვხედავთ, მაქსიმუმ კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უნდა ველოდოთ და გარკვეულ სტაბილურობას მივაღწევთ“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 087 პაციენტი, 39 კი გარადიცვალა.