WP - CIA-ს დასკვნით, ჯამალ ხაშოგის მოკვლა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ უბრძანა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დასკვნით, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა. ამის შესახებ The Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, გამომძიებლებმა მოისმინეს სატელეფონო ჩანაწერი, როგორ ესაუბრება ხაშოგი პრინცის ძმას, ჰალიდ ბინ სალმანს, რომელიც აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩია.
ჰალიდმა ჯამალ ხაშოგს უთხრა, რომ ქორწინების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა მისულიყო სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში, სადაც დოკუმენტებს მიიღებდა. ის ჟურნალისტს არწმუნებდა, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა.
The Washington Post-ს არ აქვს ინფორმაცია, იცოდა თუ არა ჰალიდმა ჟურნალისტის დაგეგმილი მკვლელობის შესახებ. თუმცა, გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ზარი ხაშოგთან ძმის ბრძანებით განახორციელა.
ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ, Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა, ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა.