1993 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ანზორ შარმაიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
1993 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ანზორ შარმაიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

1993 წელს აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) თანამშრომლის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ანზორ შარმაიძე, რომელიც მისი საქმის გადახედვას ითხოვს, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ანზორ შარმაიძემ, რომელმაც 1993 წელს მომხდარი მკვლელობის საქმეზე 15-წლიანი სასჯელი მოიხადა, აცხადებს, რომ უდანაშაულოა და მისი საქმის გადახედვა უნდა მოხდეს. ის საგამოძიები უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა და კომენტარი გააკეთა.

მან განაცხადა, რომ 2008 წლის შემდეგ, როდესაც გათავისუფლდა, მისი საქმის გადახედვის მოთხოვნით, საგამოძიებო უწყებაში არაერთი განცხადება დაწერა.

მისი ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, გამოკითხვისას ანზორ შარმაიძე გამოძიებას მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის. ამასთან ადვოკატის თქმით, შარმაიძეს ჰყავს მოწმეები, რომ 1993 წელს, ვუდროფის მკვლელობის დღეს შარმაიძე ნატახტრის მიმართულებით მიდიოდა და მას არ გაუსვრია.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ, ადვოკატმა არ დააკონკრეტა, რა ურთიერთობა და ინფორმაცია ჰქონდა შარმაიძეს ედუარდ შევარდნაძის დაცვის წევრის ელდარ გოგოლაძის შესახებ, რომელთან ერთადაც ვუდროფი მკვლელობამდე ავტომობილში ორ ქალთან ერთად იჯდა.

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლის მკვლელობა მცხეთის შემოსასვლელთან 1993 წელს მოხდა. როგორც ცნობილია, ფრედი ვუდროფი საქართველოში უსაფრთხოების სამსახურის გასაწვრთნელად იმყოფებოდა. მისი მკვლელობის ბრალდებით, 1994 წელს სამხედრო პირი ანზორ შარმაიძე დააკავეს, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.