ჩვენს უახლოეს მეზობელ ვარსკვლავთან მეორე პლანეტის არსებობის ნიშნები აღმოაჩინეს
პროქსიმა კენტავრი ჩვენი უახლოესი მეზობელი ვარსკვლავია; მდებარეობს ჩვენგან მხოლოდ 4,2 სინათლის წლის მანძილზე. ჰყავს ასტრონომთათვის ცნობილი ერთი პლანეტა, სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელი პროქსიმა b.
თუმცა, იტალიის ასტროფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრები ახალ კვლევაში იუწყებიან, რომ ვარსკვლავის აქტივობაში მათ ცვლილებები შენიშნეს, რაც მიუთითებს, რომ შეიძლება, მას სხვა პლანეტაც ჰყავს. კვლევაში ამ პლანეტას მას პროქსიმა c უწოდეს.
პოტენციური ახალი პლანეტა სავარაუდოდ სუპერდედამიწის ტიპისაა, ანუ მისი მასა დედამიწისაზე გაცილებით მეტია, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ყინულის გიგანტ ნეპტუნისას.
კვლევის ავტორის, მარიო დამასოს განცხადებით, პროქსიმა კენტავრი მზესთან უახლოესი ვარსკვლავია და ამ აღმოჩენათა წყალობით, ის ჩვენთვის უახლოესი პლანეტური სისტემაც ხდება.
პროქსიმა c (თუ ის არსებობს), სავარაუდოდ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი არ არის — დედავარსკვლავისგან დაშორების მანძილიდან გამომდინარე, პლანეტა ან გაყინული უნდა იყოს, ან წყალბადი-ჰელიუმის ატმოსფეროს საბურველში გახვეული. თუმცა, მისი ასეთი სიახლოვე სხვა პლანეტური სისტემის კვლევის უნიკალურ შანსს გვაძლევს.
თუკი ის არსებობს, პროქსიმა c ამ ადგილისთვის მართლაც საოცარი იქნება.
ასტრონომთა აზრით, სუპერდედამიწები წარმოიქმნება ე. წ. თოვლის ხაზის გარშემო — უახლოეს მანძილზე ვარსკვლავთან, სადაც შესაძლებელია წყლის გაყინვა. ასე იმიტომ უნდა იყოს, რომ სისტემის ახალგაზრდობაში ამ რეგიონში აკუმულირდება ყინული, რომელიც პლანეტების წარმოქმნას უწყობს ხელს.
პროქსიმა c თოვლის ხაზს გადაღმა კარგად შორს მდებარეობს და შესაბამისად, მისი არსებობა ამ თეორიას ეჭვქვეშ აყენებს.
თუმცა, მკვლევრები ამ პლანეტის არსებობაში ჯერ ბოლომდე დარწმუნებული არ არიან.
პროქსიმა c ჯგუფმა რადიალური სიჩქარის მეთოდით აღმოაჩინა. ეს მეთოდი კი ეფუძნება შემდეგ პრინციპს — ორბიტაზე მოძრაობის დროს, პლანეტები თავიანთ ვარსკვლავებს ოდნავ ექაჩებიან. როდესაც ვარსკვლავის პოზიცია მოძრაობს, თუნდაც სულ მცირედით, ცვლის მისი სინათლის ფერებს. თუ ეს ცვლილებები ციკლურია, ეს უკვე იმაზე მიუთითებს, რომ მიზეზი შეიძლება მის გარშემო მოძრავი პლანეტა იყოს.
პროქსიმა კენტავრის სინათლეში დამასოს ჯგუფმა ასეთი ციკლური ცვლილებები შენიშნა და განსაზღვრა, რომ ისინი კავშირში არ არის პლანეტა პროქსიმა b-ის მოძრაობებთან.
ეს კი უკვე სხვა პლანეტის არსებობაზე მიუთითებდა. თუმცა, როგორც დამასო აღნიშნავს, ჯერჯერობით არ შეიძლება იმ შესაძლებლობის გამორიცხვაც, რომ სინამდვილეში ვარსკვლავის აქტივობით არის წარმოქმნილი.
შესაბამისად, ჯგუფი იმედოვნებს, რომ მეტ გასაღებს ხომალდ „გაიას“ მონაცემებში იპოვის.
ტელესკოპი „გაია“ 2013 წელს გაუშვეს საკმაოდ ამბიციური მიზნით — გალაქტიკის 3D რუკის შესაქმნელად.
კვლევის თანაავტორის, ფაბიო დელ სორდოს განცხადებით, გაია დაკვირვებებს ჯერ კიდევ აწარმოებს და როგორც მათ გამოთვალეს, მისი ბოლო მონაცემები საკმარისი იქნება პროქსიმა c-ის არსებობის დასადასტურებლად ან უარსაყოფად.
შემდეგი მონაცემების მიღება კი ამ ზაფხულისთვის არის დაგეგმილი. დამასო და დელ სორდო ამ მონაცემებს ელოდებიან, მაგრამ პარალელურად სხვა ჯგუფთანაც მუშაობენ, ასკანირებენ პროქსიმა კენტავრის ფოტოებს მეორე პლანეტის ნიშნების საპოვნელად.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეძლებს ნასას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც, რომელიც 2021 წელს გაეშვება. აღჭურვილია ბერილიუმის სარკეებითა და ახალი ინფრაწითელი ტექნოლოგიით.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.