ჭუბერში, მდინარე ნენსკრამ რამდენიმე ადგილას სამანქანო გზა დაფარა - ვითარება სტიქიის ზონაში
ჭუბერში, მდინარე ნენსკრამ რამდენიმე ადგილას სამანქანო გზა დაფარა - ვითარება სტიქიის ზონაში

უკვე რამდენიმე საათია ჭუბერში წვიმს. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მდინარე ნენსკრა რამდენიმე ადგილას გადმოვიდა კალაპოტიდან, თუმცა დაფარა მხოლოდ სამანქანო გზა და მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია.

შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობს. შტაბში იმყოფებიან სოზარ სუბარი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი.

სტიქიის ზონაში მობილიზებული არიან როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები, ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობა.

ჭუბერში გუშინ საღამოს უკვე იყო შემოყვანილი ტექნიკა, რომელმაც ცენტრამდე მისასვლელი გზა გაწმინდა, ჩახერგა მდინარის კალაპოტის ის ადგილები, საიდანაც იყო წყლის გადმოსვლის საშიშროება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები პატრულირებენ მდინარის მიმდებარე ტერიტორიებზე, უსაფრთხოების მიზნით, ჩაკეტილია სოფელში შესასვლელი გზა.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო.