ჭონქაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ჭონქაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ჭონქაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შენობა მოქმედი არ იყო.

როგორც თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძრის გაჩენის მომენტში შენობაში მხოლოდ დარაჯი იმყოფებოდა.

„ამ მომენტისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ვინაიდან შენობა ძველია, რაიმე გაუგებრობა რომ არ მოხდეს და ხანძარი არსად გაიპაროს, მიმდინარეობს დარჩენილი ცალკეული კერების დამუშავება. დაშავებული არავინ გვყავს, არც მეხანძრე-მაშველებიდან და არც ობიექტის პერსონალიდან. შენობაში იმყოფებოდა ერთი დარაჯი“, – განაცხადა დავით გელაშვილმა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე აკვირდებოდა მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოლიძე.

მისი თქმით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი და ხანძრისგან მიყენებული ზარალი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გახდება ცნობილი.

„ხანძრის თავდაპირველი კერები პირველ და მეორე სართულზე იყო. შენობა არის ყოფილი სასწავლებლის, არ ფუნქციონირებს და დაკეტილი იყო. ჩვენი ინფორმაციით, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით არ არის დადგენილი და მუშაობენ შესაბამისი სამსახურები“, – აღნიშნა მიხეილ გოგოლიძემ.

ჭონქაძის ქუჩაზე, თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობაში ხანძარი დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა.

ადგილზე რვა სახანძრო მანქანა და 40-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.