ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მუხურის მთაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დილიდან, მუხურის მთაზე ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.
„ამ დროისათვის, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, ხანძრის დასახლებულ პუნქტზე ან ტყის მასივზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სოფელ მუხურის მიმდებარედ, მთაზე, ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფის გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო ბალახსა და ეკალბარდზე.
მთელი ღამის განმავლობაში, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.