სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ „ჩხოროწყუჰესის“ გენერატორი N1-ის რეაბილიტაცია დაასრულა.
კომპანიის ცნობით, საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 3 მეგავატი ელექტროენერგია შეემატა. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ჰიდროაგრეგატს, შესაბამისად, 6-მეგავატიანი ჰესის გამომუშავება, დადგმულ საპროექტო გამომუშავებას მაქსიმალურად მიუახლოვდა. აღნიშნულ პროექტში კომპანიამ 2 252 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„1967 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ჰესი გაეშვა ექსპლუატაციაში, აგრეგატის ასეთი მასშტაბური და სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა. დამონტაჟდა თანამედროვე მართვის და მონიტორინგის სისტემა (SCADA), ასევე თანამედროვე სარელეო დაცვები და გამოიცვალა სხვა დეტალები და კვანძები, რომლებიც აუცილებელია, ჰიდროაგრეგატის გამართული და ეფექტური მუშაობისთვის“, – განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ ჰესების ექსპლუატაციის, დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან საჩალელმა.
„ჩხოროწყუჰესის“ აგრეგატის რეაბილიტაცია-რეკონსტრუცია 2017 წლიდან, 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში მუშაობდა ჰესზე არსებული მხოლოდ ერთი აგრეგატი, რომელიც დაახლოებით 2,6 მგვტ სიმძლავრეზე მუშაობდა. მეორე აგრეგატის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, მოხერხდა გამომუშავებული ელექტროენერგიის გაზრდა.
„აღსანიშნავია, რომ საჭირო დეტალები, რომლითაც მოხდა გენერატორის სრული რეკონსტრუქცია, დაპროექტებულია ევროპაში, კერძოდ – სლოვენიაში, ტურბინების მწარმოებელ, „ენერგო-პრო ჯგუფში“ შემავალ კომპანიაში „ლიტოსტროი ფაუერ გრუპი (Litostroy Power Group). ნაწილები შემოვიტანეთ საქართველოში და გენერატორის აწყობა მოხდა ადგილზე, უცხოელი სპეციალისტების მიერ“, – განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციას“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, დიან დიმოვმა.
„ჩხოროწყუჰესი“ საშუალო დაწნევის მქონე მცირე ჰესია. მდებარეობს დაბა ჩხოროწყუში. ჰესი აგებულია მდინარე ხობისწყალზე. ექსპლუატაციაში 1967 წელს გაეშვა. მისი საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 6 მგვტ.