ჩინეთში 103 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა
ჩინეთში 103 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა

103 წლის ქალი უხუცესი ადამიანი გახდა კორონავირუსით განკურნებულთა და სახლში გაწერილთა შორის.

ჟანგ გუანფენი უხანის საავადმყოფოში სულ რაღაც ექვსდღიანი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა.

ექიმების განცხადებით, ასწლოვანი ადამიანის ასე სწრაფად განკურნების მიზეზი ის გახდა, რომ მას არ ჰქონდა სხვა თანმხლები დაავადება, გარდა მსუბუქი ქრონიკული ბრონქიტისა.

გამოცემა Chutian Metropolis Daily-ს ცნობით, ახალი კორონავირუსის დიაგნოზი ქალს პირველ მარტს დაუსვეს, საავადმყოფოდან კი რამდენიმე დღის წინ გაწერეს.

გამოცემა ასევე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ასახულია, როგორ გაჰყავთ სახლში გაწერილი ქალი საავადმყოფოდან, სადაც მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და ექიმების ჯგუფი ელოდება.

ცნობილია, რომ ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ახალი კორონავირუსის მძიმე სიმპტომების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

103 წლის ქალი ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გახდა ახალი კორონავირუსისგან განკურნებულთა შორის. ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ დაავადებისგან უხანში 101 წლის კაციც გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, ამ კვირაში ახალი კორონავირუსისგან უხანში ასევე განიკურნა 100 წლის კაცი, რომელსაც აქვს ალცჰაიმერის დაავადება, ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა.

11-მილიონიანი ქალაქი უხანი იანვრის ბოლოდან იზოლირებულია.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ 24 ახალი და გარდაცვალების 22 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა გარდაცვლილი უხანის მკვიდრია.

ხუბეის პროვინციაში ახალი კორონავირუსის გავრცელება თანდათან სტაბილურდება. ახალი შემთხვევები დღეში საშუალოდ ექვსამდე შემცირდა.