ჩინეთმა მთვარის ბნელ მხარეს მავალის დასასმელად უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა
ჩინეთმა მთვარის ბნელ მხარეს მავალის დასასმელად უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა

დედამიწის შემდეგ, მთვარე მეორე ყველაზე უკეთ შესწავლილი ობიექტია მზის სისტემაში, სულ მცირე მისი ნახევარი მაინც. მთვარის დედამიწისკენ მოქცეულ მხარეს კაცობრიობას გაგზავნილი ჰყავს რამდენიმე ასტრონავტი, დასმული ჰყავს მრავალი მავალი. თუმცა, მეორე, ჩვენგან დამალული მხარე ამ დრომდე დიდწილად შეუსწავლელი რჩება.

როგორც ჩანს, მალე ყველაფერი შეიცვლება. რამდენიმე დღის წინ, ჩინეთმა პირველი კონკრეტული ნაბიჯი გადადგა, რომელიც მთვარის ამ ნაწილში მავალის დასმისკენ არის მიმართული.

მთვარის ბნელი მხარის კვლევა რამდენიმე გამოწვევასთანაა დაკავშირებული. შეუძლებელია ტელესკოპით მასზე პირდაპირი დაკვირვება, რადგან ის მუდმივად დედამიწის საწინააღმდეგოდ არის მოქცეული. შეუძლებელია პირდაპირი სიგნალების გაგზავნა იქ დასმულ მავალებთანაც.

იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს მთვარის ბნელ მხარეს მავალის დასმა და იქიდან ინფორმაციის უკან მიღება, საჭიროა მთვარის ორბიტაზე არსებობდეს სარელეო სადგური.

სწორედ ასეთი სარელეო სადგური გაუშვა ჩინეთმა 20 მაისს კოსმოსში, რაკეტა Long March-ით. რაკეტაში მოთავსებულია კოსმოსური ხომალდი Queqiao, რომელიც რამდენიმე კვირაში მთვარის ბნელი მხარის თავზე, სტაბილურ ორბიტაზე გავა. მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ხომალდი არაერთ შემოწმებას გაივლის, რათა დადგინდეს, რომ სწორად მუშაობს.

თუკი ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, ჩინეთის აეროკოსმოსურ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების კორპორაცია (ჩინეთის კოსმოსური სააგენტო) გეგმის შემდეგი ნაწილის განხორციელებას შეუდგება — მთვარის ბნელ მხარეს მავალს გაგზავნის. ეს მავალი ხომალდ Queqiao-ს სარელეო სადგურად გამოიყენებს, რათა სიგნალები გააგზავნოს მავალსა და დედამიწაზე განთავსებულ სადგურებს შორის.

თუ ეს ფაზაც წარმატებული აღმოჩნდა, ბოლოსდაბოლოს მივიღებთ პირველ ფოტოებს მთვარის ბნელი მხრიდან. გარდა ამისა, ეს იქნება დედამიწის მხედველობის არეალს მიღმა სამეცნიერო ინსტრუმენტების განთავსების პიონერული მეთოდი, რაც ასევე ძალიან გამოადგება რადიოტელესკოპებს.


მომზადებულია arstechnica.com-ის მიხედვით