ჩინეთმა მიწაში 11 000 მეტრის სიღრმის ხვრელის გათხრა დაიწყო — #1tvმეცნიერება
13:05, 08.06.2023
მეცნიერებს მრავალი სხვადასხვა გზით შეუძლიათ გაარკვიონ, რა ხდება დედამიწის ზედაპირქვეშ; მაგალითად, გაზომონ მიწისქვეშეთიდან წამოსული სეისმური ტალღები. თუმცა, ალბათ არაფერი შეედრება ძალიან, ძალიან ღრმა ხვრელს.
როგორც ჩინეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო Xinhua იუწყება, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ტაკლა-მაკანის უდაბნოში 11 100 მეტრის სიღრმის ჭაბურღილის გათხრა მიმდინარეობს. ეს მაჩვენებელი ერთმანეთზე დადგმულ 33 ეიფელის კოშკს უდრის.
თუმცა, ადამიანებს უფრო ღრმა ხვრელიც გაუთხრიათ. მათ შორის არის კოლის სუპერღრმა ჭაბურღილი რუსეთში (ამჟამად მიტოვებულია), რომლის სიღრმეც 12 262 მეტრია და ალ-შაჰინის ნავთობის საბადო კატარში, რომელიც 12 290 მეტრზეა გათხრილი.
ჩინელი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ხვრელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენს ცოდნას დედამიწის ღრმა გეოლოგიის შესახებ; ამავე დროს, რაც უფრო ღრმად ჩავა ხვრელი, ასევე მოძებნიან ნავთობისა და გაზის მარაგებს.
ჭაბურღილის შესახებ ჩინეთი ბევრს არაფერს ამხელს; არც იმას ამბობს, რა სახის ექსპერიმენტებს და ანალიზებს ჩაატარებს გათხრების დასრულების შემდეგ, მაგრამ შესაძლოა, დადასტურდეს ის წარმოდგენები, რაც დედამიწის ქერქის შესახებ გვაქვს. კონტინენტური ქერქის სისქე დაახლოებით 30 კილომეტრია, ამიტომ, ხვრელი მანტიამდე ვერ ჩავა.
გათხრებს უზარმაზარი ტექნოლოგიური ძალისხმევა დასჭირდება. გაგრძელდება წელიწადზე მეტხანს და საჭირო იქნება 2000 ტონაზე მეტი აღჭურვილობა და ინსტრუმენტები.
იმისათვის, რათა წარმოიდგინოთ, რამდენად რთული იქნება ასეთი სიღრმეზე გათხრა, ავიღოთ კოლის სუპერღრმა ჭაბურღილი. პროექტზე მუშაობა 1970 წლის მაისში დაიწყო და 1994 წლამდე გაგრძელდა. მექანიკური გაუმართაობებისა და ავარიების გამო, ჯამში ხუთი ჭაბურღილი გაითხარა.
თუმცა, ხვრელი ნამდვილად გამოსადეგი აღმოჩნდა. მეცნიერებმა დიდი ოდენობით წყალი და წყალბადი აღმოაჩინეს ისეთ სიღრმეებზე, სადაც არ ელოდნენ. კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა იყო მიკროსკოპული პლანქტონის ნამარხები ზედაპარიდან დაახლოებით 6000 მეტრის სიღრმეში.
„გათხრის პროექტის სირთულის წარმოსაჩენად, შეგვიძლია შევადაროთ დიდ სატვირთო მანქანას, რომელიც ფოლადის ორ წვრილ მავთულზე მიდის“, — ამბობს ჩინეთის ინჟინერიის აკადემიის მეცნიერი სან ჯინშენგი.
აღჭურვილობას მოუწევს გაუძლოს 200 გრადუს ცელსიუს ტემპერატურას და 1300-ჯერ უფრო მაღალ ატმოსფერულ წნევას, ვიდრე დედამიწის ზედაპირზეა.
გათხრები დაახლოებით 450 დღეს გაგრძელდება და ახალი ხვრელი გაივლის 10 კონტინენტურ ფენაში — დანალექოვანი ქანების შრეებში, რომლებიც მთელი კონტინენტის მასშტაბითაა გადაჭიმული და მიდის 145 მილიონი წლის წინ წარმოქმნილ ცარცულ სისტემამდე.