ტექნოლოგიური კომპანია ყველაზე ღრმა ხვრელების გათხრას გეგმავს, რომლებიც შესაძლოა, უშრეტი ენერგიის წყაროდ იქცნენ — #1tvმეცნიერება
ტექნოლოგიური კომპანია ყველაზე ღრმა ხვრელების გათხრას გეგმავს, რომლებიც შესაძლოა, უშრეტი ენერგიის წყაროდ იქცნენ — #1tvმეცნიერება

2020 წელს დაარსებულმა ენერგოკომპანია Quaise-მა სერიოზული ყურადღება ერთი საკმაოდ თამამი მიზნის გამო მიიპყრო — გეგმავს, დედამიწის ქერქში ისტორიაში ყველაზე ღრმა ხვრელი გათხაროს.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის შვილობილ კომპანიას უკვე აქვს 63 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალი — საკმაოდ კარგი საწყისი იმისათვის, რომ გეოთერმული ენერგია შეიძლება მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

კომპანიას სურს, დედამიწის სიღრმისკენ ტრადიციული საბურღი მეთოდებითა და მეგავატის სიმძლავრის სინათლით გაბურღოს, რაც ისეთი ტექნოლოგიებით არის შთაგონებული, რომლებმაც ერთ დღესაც, შესაძლოა, ბირთვული სინთეზი გახადოს შესაძლებელი.

განახლებადი ენერგიის წყაროების ძებნისას, გეოთერმული ენერგია თითქოს ყველას დაავიწყდა. მწვანე ენერგიის ბაზარზე ამჟამად მზისა და ქარის ენერგია დომინირებს და არავინ ახსენებს დედამიწის სიღრმეში არსებულ სითბოს უდიდეს მარაგს.

მიზეზი ლოგიკურია. მიუხედავად იმისა, რომ სუფთა, უწყვეტი, უსასრულო ენერგიის წყაროა, მსოფლიოში ძალიან ცოტაა ადგილი, სადაც გეოთერმული ენერგიის მოპოვებისათვის შესაფერისი ქანები დედამიწის ზედაპირთან მოხერხებულად არის განთავსებული.

ამის გამოსასწორებლად, Quaise მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც დედამიწის ქერქში რეკორდული სიღრმის ხვრელების გათხრის საშუალებას მოგვცემს.

ამჟამად, პლანეტაზე ადამიანის მიერ გათხრილი ყველაზე დიდი ხვრელის სიღრმე 12,3 კილომეტრია. ეს გახლავთ კოლის ზეღრმა ჭაბურღილი, რომლის თხრაც თავის დროზე იმის გამო შეჩერდა, რომ ტექნოლოგიურ შესაძლებლობათა ლიმიტი ამოიწურა.

უფრო ღრმად ჩასასვლელად საჭიროა მოიძებნოს გზა, როგორ ამოვიტანოთ ათობით კილომეტრის სიღრმიდან ზედმეტად ცხელი ქანები.

გარდა ამისა, საბურღი ხელსაწყოები უნდა უძლებდეს 180 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურას.

ამ სირთულეთა დაძლევის ერთ-ერთი ალტერნატივაა ნაკლები გაბურღვა და მეტი დაწვა.

კომპანია Quaise შექმნილია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პლაზმის მეცნიერებისა და სინთეზის ცენტრის ბაზაზე; მისი მიდგომა მდგომარეობს ელექტრომაგნიტური რადიაციის მილიმეტრის სიგრძის ტალღების გამოყენება, რაც ატომებს ერთად შედნობას აიძულებს.

მოწყობილობა, სახელად გიროტრონი ეფექტიანად გამოყოფს ელექტრომაგნიტური რადიაციის მუდმივ ნაკადებს, რისთვისაც, ელექტრონებს მაღალი სიჩქარით არყევს მძლავრ მაგნიტურ ველს შიგნით.

Quaise ელოდება, რომ უახლეს საჭრელ იარაღებზე მეგავატის სიმძლავრის გიროტრონის მიმაგრების შედეგად, დაახლოებით ერთი თვის ვადაში შეძლებს 20 კმ სიღრმემდე, უცხელეს ქანებამდე გაბურღვას.

ამ სიღრმეზე, ქანების ტემპერატურა შეიძლება 500 გრადუს ცელსიუსსაც კი აღწევდეს, რაც საკმარისია იქ ჩასხმული წყლის ორთქლის მსგავს სუპერკიტიკულ მდგომარეობაში გადასაყვანად, რაც შესანიშნავია ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად.

საველე სამუშაოების დაწყებას კომპანია უახლოესი ორი წლის განმავლობაში ვარაუდობს, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ელექტროენერგიის მწარმოებელი სისტემები მას შეიძლება უკვე 2026 წლისთვის ჰქონდეს.

კომპანია იმედოვნებს, რომ 2028 წლისთვის შეძლებს ძველებურ, ქვანახშირზე მომუშავე თბოსადგურების ხელში ჩაგდებას და მათ ორთქლზე მომუშავეებად გარდაქმნის.

ექსპერტებს შორის ჯერ ბევრი კითხვაა იმის შესახებ, რამდენად გაამართლებს ეს ტექნოლოგია. ამჟამად, მსოფლიო ენერგიის დაახლოებით 8,3 პროცენტი ისედაც გეოთერმულ ენერგიაზე მოდის, ანუ ამარაგებს მსოფლიოს მოსახლეობის 17 პროცენტს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.