ჩინეთის პრემიერ-მინისტრი - რა ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს მსოფლიოში, ჩინეთი დარჩება ერთგული ღიაობის ფუნდამენტური ეროვნული პოლიტიკის მიმართ და კიდევ უფრო ფართოდ გაუღებს კარს მსოფლიოს
ჩინეთის პრემიერ-მინისტრი - რა ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს მსოფლიოში, ჩინეთი დარჩება ერთგული ღიაობის ფუნდამენტური ეროვნული პოლიტიკის მიმართ და კიდევ უფრო ფართოდ გაუღებს კარს მსოფლიოს

მსოფლიოში რა ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს, ჩინეთი დარჩება ერთგული ღიაობის ფუნდამენტური ეროვნული პოლიტიკის მიმართ და კიდევ უფრო ფართოდ გაუღებს კარს მსოფლიოს, – ამის შესახებ ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლი ჩიანგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი ახლა არის მსხვილი სავაჭრო პარტნიორი 140-ზე მეტი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის.

„ჩინეთი ღიაობისადმი მტკიცედ ერთგული რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ მსოფლიოში ხელსაყრელი პირობების შექმნას ჩინეთის შესაძლებლობების გასაზიარებლად. ბოლო 40 წელიწადში ჩინეთმა მიაღწია განვითარებას და გაუზიარა სარგებელი მსოფლიოს ღიაობით. ახლა ჩინეთი არის მსხვილი სავაჭრო პარტნიორი 140-ზე მეტი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. უფრო მეტი ღიაობით ჩვენ ვაპირებთ, გავუზიაროთ ჩინეთის შესაძლებლობები ყველას მსოფლიოში ერთობლივი განვითარებისთვის. ჩვენთან ერთად იმყოფება მრავალი ბიზნესლიდერი. მე აქ ვხედავ ძველ მეგობრებს. მინდა, ვთქვა, რომ წლების განმავლობაში მრავალეროვნულმა პარტნიორობამ განავითარა ჩინეთის ბაზარი და ჩინეთის სამრეწველო პროგრესის საფუძველზე გააფართოვა გლობალური წარმოების ზრდა. ასე რომ, მინდა ვთქვა, რომ ჩინეთის ბაზრის არჩევა არ არის რისკი, არამედ არის შესაძლებლობა. ჩვენ გაშლილი ხელებით მივესალმებით ბიზნესს ყველა ქვეყნიდან და გავაგრძელებთ დაუღალავ მუშაობას, ბაზარზე ორიენტირებული, კანონზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს ხელშეწყობას. რა ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს მსოფლიოში, ჩინეთი დარჩება ერთგული ღიაობის ფუნდამენტური ეროვნული პოლიტიკის მიმართ და კიდევ უფრო ფართოდ გაუღებს კარს მსოფლიოს.

მსურს, გაგიზიაროთ ხუთი ინიციატივა ნდობის ხელახლა აღსადგენად და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად. პირველი – მაკროეკონომიკური პოლიტიკის თანამშრომლობის გაძლიერება გლობალური ზრდის უკეთესი სინერგიისთვის. გლობალური კრიზისების დროს ფრაგმენტირებული და განცალკევებული პასუხები მსოფლიო ეკონომიკას უფრო მყიფეს ხდის. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, წამყვანმა ეკონომიკებმა გააძლიერონ დიალოგი და კომუნიკაცია, მიიღონ უფრო კოორდინირებული ზომები და ერთად გააუმჯობესონ გლობალური ეკონომიკური მართვა;

მეორე – საერთაშორისო ინდუსტრიული სპეციალიზაციისა და თანამშრომლობის გაძლიერება გლობალური ინდუსტრიული მომარაგების ჯაჭვების სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ეკონომიკაში ინდუსტრიული და მომარაგების ჯაჭვები ადამიანის სხეულის სისხლის მიმოქცევის სისტემის მსგავსია. ნებისმიერ დაბრკოლებას შეუძლია, შეაჩეროს მსოფლიო ეკონომიკის სასიცოხლო სისხლის მიმოქცევა;

ჩემი მესამე ინიციატივა არის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, რომ ადამიანებმა უკეთესი სარგებელი მიიღონ ტექნოლოგიური მიღწევებით. ტექნოლოგიური რევოლუციის ახალმა რაუნდმა და ინდუსტრიულმა ტრანსფორმაციამ ახალი კონკურენცია შექმნა ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. კონკურენციული სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ერთადერთი გზა არის ინოვაციებში თანამშრომლობის გაძლიერება. სამეცნიერო და ტექნოლოგიურმა ნაყოფმა სარგებელი უნდა მისცეს მთელ კაცობრიობას;

ჩემი მეოთხე ინიციატივა არის თანამშრომლობის გაძლიერება მწვანე ეკონომიკის განვითრებაში მსოფლიოში კლიმატურ ცვლილებებთან ეფექტურად გასამკლავებლად. კაცობრიობა კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშრებით ბევრი გამოწვევის წინაშეა. საჭიროა მოქმედება ბარიერების მოსახსნელად მწვანე ვაჭრობის სფეროში. ზოგიერთი მაღალი ხარისხის ეფექტური მწვანე ტექნოლოგია და პროდუქტი თავისუფლად ვერ გადაადგილდება. მნიშვნელოვანია, ჩვენ დავიცვათ საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობები და უკეთესი სინერგია განავახორციელოთ მწვანე განვითარების სტრატეგიებში, მოვხსნათ სხვადასხვა ბარიერი ამ სფეროში და ერთად ვიმუშაოთ მწვანე ეკონომიკაზე სრულად გადასვლისთვის;

მეხუთე ინიციატივა არის ჩრდილოეთ-სამხრეთისა და სამხეთ-სამხრეთის თანამშრომლობის გაძლიერება საყოველთაოდ მომგებიანი და გაბედული მსოფლიო ეკონომიკისთვის. ბოლო წლებში ისეთი პრობლემები, როგორიცაა ჩრდილოეთ-სამხრეთის უფსკრული, განსხვავებები, ტექნოლოგიური დაყოფა სულ უფრო მკვეთრი გახდა. ჩვენ, ჩინელ ხალხს, გვჯერა, რომ სარგებელი ორმხრივი უნდა იყოს. ჭეშმარიტი განვითარება არის განვითრება ყველასთვის. ჩვენ უნდა განვახორციელოთ გაერო-ს 2030 დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, გლობალური განვითარების თანამშრომლობის გასაძლიერებლად, უნდა შევაერთოთ უფსკრულები, რომ მოხდეს სიღარიბის შემცირება, საკვების უსაფრთხოების გაძლიერება და ინდუსტრიალიზაცია“, – განაცხადა ლი ჩიანგმა.