ჩინეთის ხომალდმა მთვარის „ბნელ მხარეს“ აღებული ნიმუშები დედამიწაზე ჩამოიტანა — #1tvმეცნიერება
13:14, 26.06.2024
მთვარის ე. წ. ბნელი მხარიდან აფრენიდან სამი კვირის შემდეგ, ჩინეთის კოსმოსურმა ხომალდმა Chang’e-6-მა დედამიწაზე, შიდა მონღოლეთის რეგიონში ჩამოაგდო კაფსულა, რომელშიც მთვარის ზედაპირიდან აღებული ნიმუშებია მოთავსებული.
კაფსულა დედამიწაზე პარაშუტით დაეშვა; პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემდა ჩინეთის ტელევიზია. ადგილზე მყოფმა ჯგუფმა კაფსულა შეამოწმა და ახლომახლოს ჩინეთის დროშა აღმართა.
Chang’e-6 დედამიწიდან მაისის დასაწყისში გაუშვეს და პირველი რობოტული მისიაა, რომელიც მთვარის „ბნელ მხარეს“ დაჯდა და შემდეგ აფრინდა. მთვარის ეს მხარე მუდმივად დედამიწის საპირისპიროდაა მოქცეული და სწორედ ამიტომ უწოდებენ „ბნელ“ ან „შორ“ მხარეს, სინამდვილეში კი, ის სულაც არაა ბნელი. ამავე დროს, ეს მთვარის ამ ნაწილიდან ნიმუშები დედამიწაზე ჩამოტანის პირველი შემთხვევაა.
„მთვარის მისია Chang’e-6-მა სრულ წარმატებას მიაღწია“, — ამბობს ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის დირექტორი ჟანგ კეიანი. მისიის ჯგუფს წარმატება მიულოცა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმაც.
წინა მისიამ, Chang’e-5-მა 2020 წელს მთვარის ზედაპირის ნიმუშები მთვარის ჩვენკენ მოქცეულ მხარეზე აიღო და დედამიწაზე ჩამოიტანა.
ნიმუშების ასაღებად და შესანახად, ხომალდმა საბორტო ბურღი და რობოტული მკლავი გამოიყენა. სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და მინი-მავალის გამოყენებით, ასევე შეაგროვა მონაცემები მიმდებარე გარემოს შესახებ. Chang’e-6-სა და დედამიწას შორის მონაცემების გაცვლა-გამოცვლას უზრუნველყოფდა მთვარის ორბიტაზე მოძრავი ჩინური თანამგზავრი Queqiao-2.
4 ივნისს, Chang’e-6-ის ამწევი მოდული ზედაპირიდან აფრინდა და ორბიტაზე მოძრავ ხომალდთან მივიდა, სადაც ნიმუშები სპეციალურ კაფსულას გადასცა. რამდენიმე დღის შემდეგ ხომალდი დედამიწისკენ გამოეშურა.
როდესაც ხომალდი დედამიწის ზედაპირს 5000 კილომეტრზე მოუახლოვდა, ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილის თავზე, მან კაფსულა გამოათავისუფლა და დედამიწისკენ გამოუშვა.
კაფსულა პარაშუტით ჩინეთის შიდა მონღოლეთის რეგიონში დაეშვა და ჯგუფმა ის უკვე წაიღო პეკინში, სადაც მას გახსნიან და ნიმუშებს კვლევებისთვის სხვადასხვა დაწესებულებაში გაანაწილებენ.
ნიმუშებში სავარაუდოდ უნდა იყოს ვულკანური ქანები და სხვა ისეთი მასალები, რომლებმაც ნათელი უნდა მოჰფინოს მთვარის წარმოშობის ამბავს, ისევე როგორც შემადგენლობით სხვაობას მთვარის ჩვენკენ მოქცეულ და „ბნელ მხარეს“ შორის. მეცნიერებმა შეიძლება ბევრი ახალი ცნობა მიიღონ მთვარის სამხრეთ პოლარულ რეგიონში არსებული რესურსების შესახებაც. ეს რეგიონი დიდი ინტერესის საგანია, რადგან მიჩნეულია, რომ იქ წარმოდგენილია წყლის ყინულის დეპოზიტები, რისი გამოყენებაც მთვარის სამომავლო დასახლებებს შეეძლება.
სამხრეთ პოლარული რეგიონი NASA-ს სამიზნეც არის, რომელიც იქ რობოტულ მისიათა სერიას და შემდეგ, მისია არტემის 3-ით ადამიანების გაგზავნას გეგმავს. ეს მისია 2026 წლისთვის არის დაგეგმილი. მთვარეზე ამბიციები ჩინეთსაც აქვს, მათ შორის, ასტრონავტების გაგზავნა 2030 წლისთვის.