წითელი პლანეტის გარშემო მოძრავმა ჩინურმა ხომალდმა Tianwen 1-მა ჩვენი მეზობელი პლანეტის გასაოცარი ფოტოების მთელი სერია გადაიღო.
კადრები Tianwen 1-დან გამოშლილმა პატარა კამერამ გადაიღო. ფოტოებზე ჩანს წითელი პლანეტის თავზე ეულად ჩამოკიდებული თავად Tianwen 1-იც, ასევე მარსის ჩრდილოეთის ყინულის ქუდი.
ფოტოები გარკვეულწილად სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმიდან გეგონებათ, მაგრამ ამავე დროს, საოცრად წააგავს ჩვენს მშობლიურ პლანეტასაც.
ჩინური ხომალდი დედამიწიდან 350 მილიონი კილომეტრის გარშემო, მარსის ორბიტაზე იმყოფება.
სურათებში ასევე ნახავთ Tianwen 1-ის ოქროსფერი კორპუსის ახლო კადრს, რომელშიც ასევე ჩანს მისი სამეცნიერო ანტენა და მზის პანელები, რომლებიც მას ენერგიით უზრუნველყოფს.
Tianwen 1-ის კამერა გარკვეულწილად უნიკალურია, რადგან შეუძლია, ერთდროულად გადაიღოს როგორც თავად ხომალდი, ისე წითელი პლანეტა.
ჩინეთის კოსმოსური სააგენტო ასევე აქვეყნებს მარსის ზედაპირზე მყოფი მავალის, Zhurong-ის მიერ გადაღებულ მოზაიკურ ფოტოს, რომელზეც ჩვენთვის უფრო ნაცნობი რელიეფი ჩანს.
Tianwen 1 მარსის ორბიტაზე 2021 წლის თებერვლიდან მოძრაობს, მავალი Zhurong-ი კი წითელი პლანეტის ზედაპირზე მაისში დაეშვა და ჩინეთის პირველი ხომალდია, რომელმაც ეს შეძლო, მსოფლიოში კი მეექვსე.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.