მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე მგრძნობიარე რადიოტელესკოპი უკვე ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ჩინეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო Xinhua იუწყება. რადიოტელესკოპმა FAST-მა პირველი სინათლე 2016 წელს იხილა, მაგრამ მას შემდეგ იმყოფებოდა ტესტირებისა და შემოწმების რეჟიმში.
FAST-ი წარმოადგენს ხუთასმეტრიან აპერტუტულ სფერულ ტელესკოპს. ზედმეტსახელად „ტიანიანს“ უწოდებენ, რაც „ცის თვალს“ ნიშნავს. აშენებულია სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის ქალაქ გუიჯოუში, ბუნებრივ დეპრესიაში.
მისი ერთ-ერთი სამეცნიერო მიზანია პულსარების შესწავლა. 2017 წლის აგვისტოში, ტელესკოპმა ორი პულსარი უკვე აღმოაჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპის დიამეტრი 500 მეტრია, ნებისმიერ მოცემულ დროს შესაძლებელია მისი მხოლოდ 300-მეტრიანი სეგმენტის გამოყენება.
FAST-ი უმძლავრესი რადიოტელესკოპია და მეცნიერები მისგან მრავალ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას ელოდებიან, განსაკუთრებით პირველ წლებში.
FAST-ის სამეცნიერო მიზნებს შორის არის:
- ნეიტრალური წყალბადის ფართომასშტაბიანი კატალოგიზაცია
- პულსარებზე დაკვირვება
- ვარსკვლავთშორისი მოლეკულების დაფიქსირება
- ვარსკვლავთშორისი საკომუნიკაციო სიგნალების დაფიქსირება
- პულსარების რეგულირების მოწყობა
FAST-ი ასევე ჩაატარებს ცის ორ კატალოგიზაციას, რაც დაახლოებით ხუთ წელიწადს გაგრძელდება. შეგროვებულ მონაცემთა ანალიზს კიდევ ათი წელი დასჭირდება.
ეს დაკვირვებები ტელესკოპის დაკვირვებათა დროის დაახლოებით ნახევარს წაიღებს და შესაბამისად, დარჩება დრო მაგნიტური ველის მქონე ეგზოპლანეტათა მოსაძებნადაც. მაგნიტური ველის ქონა გადამწყვეტია პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისათვის.
FAST-ის სიმძლავრე ასტრონომთათვის უკვე აშკარაა. ორი წლის განმავლობაში, ტელესკოპმა 102 პულსარი აღმოაჩინა. სააგენტო Xinhua იქვე თავმომწონედ შენიშნავს, რომ ეს ოდენობა აღემატება ამავე პერიოდში ამერიკელ და ევროპელ მკვლევართა მიერ აღმოჩენილ პულსართა ჯამს.
FAST-ის მგრძნობელობა პულსარებს 50-ჯერ უფრო ზუსტად გაზომავს. პირველად ისტორიაში, მეცნიერებს შეეძლებათ უკიდურესად დაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღების გაზომვაც.
ცის დაფარვის თვალსაზრისით, FAST-ი წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია რადოასტრონომიაში. ის ოთხჯერ ზრდის ამჟამინდელ რადიოტელესკოპთა მიერ კოსმოსის დაფარვის მოცულობას.
პეკინის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, ლი ლეიას განცხადებით, FAST-ით მეცნიერებს შეეძლებათ აღმოაჩინონ აქამდე უცნობი ვარსკვლავები, კოსმოსური ფენომენები და სამყაროს კანონები, შეიძლება, არამიწიერი სიცოცხლეც კი.
ჩინეთი ყოველთვის ზედმეტად ამაყობს თავის სხვადასხვა მიღწევით, მაგრამ FAST-ის შემთხვევაში, ქვეყანას ამის საფუძველი ნამდვილად აქვს.
ტელესკოპის მშენებლობა მისი იდეის გაჩენიდან 20 წლის შემდეგ, 2016 წელს დასრულდა. დაიხარჯა 170 მილიონი აშშ დოლარი. მის ოპერირებას ახდენს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორია.
ჩინეთი გეგმავს, რომ ტელესკოპის გამოყენების უფლება საერთაშორისო მკვლევრებსაც მისცეს.
FAST-მა უკან ჩამოიტოვა მსოფლიოში მანამდე უდიდესი რადიოტელესკოპი, პუერტო-რიკოში მდებარე არესიბოს ობსერვატორია. ორივე ტელესკოპი დიდი პარაბოლური თეფშია.
თუმცა, FAST-ი მხოლოდ უფრო დიდი როდია — ის მუშაობს განსხვავებულად, უფრო მოქნილად. არესიბოს ფიქსირებული ფორმა აქვს, FAST-ს კი ზედაპირის ფორმის შეცვლა შეუძლია. მისი ზედაპირი 4500 ინდივიდუალური პანელისგან შედგება. მათ ქვემოთ განთავსებულია 2200 ჯალამბარი, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ზედაპირის ფორმა და ცის სხვადასხვა ნაწილისათვის წარმოქმნან პარაბოლა.
გარდა ამია, FAST-ი არესიბოზე ღრმაა, რაც მას ხედვის უფრო ფართო კუთხეს აძლევს. არესიბო მთელ ზედაპირს პირდაპირ მის ზემოთ მოქცეულ ობიექტებზე დაკვირვებისთვის იყენებს, მაგრამ ობიექტები ყოველთვის ზენიტში არ არის. ამის გამო, 221-მეტრიანი ტელესკოპი მათ დახრილი კუთხიდან აკვირდება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთს სერიოზული პრობლემა შეექმნა რადიოტელესკოპის პერსონალის დაკომპლექტებისას, რადგან ქვეყანას საკმაოდ ცოტა რადიოასტრონომი ჰყავს. სცადეს მეცნიერების შეგროვება სხვადასხვა ქვეყნიდანაც.
გარდა ამისა, ჩინეთი ასევე ეძებს FAST-ის უფროს მეცნიერს, მაგრამ თუ გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, კვალიფიციურ მეცნიერებს ამის სურვილი არ აქვთ, რადგან გაურბიან ჩინეთის ძლიერ ავტორიტარულ მიდგომებს.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.