ჩილეში მდგარი გიგანტური ხე სავარაუდოდ მსოფლიოში უძველესი ცოცხალი ხეა — #1tvმეცნიერება
მსოფლიოს უძველესი ხე, თავის ადგილას შეიძლება სტოუნჰენჯის პირველი ქვების აღმართვამდე რამდენიმე საუკუნით ადრე იდგა. ამის შესახებ ახალი კვლევა მიუთითებს.
უძველესი გიგანტი, ფიცროიას ხე (იგივე პატაგონიური კვიპაროსი, Fitzroya cupressoides), რომელიც ჩილეს ანდების ერთ-ერთ ხეობაში დგას და ესპანურად „გრან აბუელოსაც“ (დიდი პაპა) უწოდებენ, შეიძლება დაახლოებით 5400 წლისაა; ამას მიუთითებს ახალი კომპიუტერული მოდელი.
თუ ეს თარიღი დადასტურდა, „გრან აბუელო“ 600 წლი უფრო ძველი იქნება, ვიდრე ამჟამად მსოფლიოს უძველესი ხის რეკორდის ოფიციალური მფლობელი, დიდი აუზის ჯაგარგირჩა ფიჭვი (Pinus longaeva) კალიფორნიაში, რომელსაც „მათუსალას“ უწოდებენ.
ფიცროიას ზუსტი ასაკი ჯერ კიდევ საკამათოა, რადგან ამის დადასტურება მოითხოვს ხის რგოლების ანალიზს — მეთოდს, რომელსაც დენდროქრონოლოგიას უწოდებენ და ოქროს სტანდარტად მიიჩნევა ხეების ასაკის დასადგენად — მაგრამ ეს მონაცემები ამჟამად არასრულია.
მონაცემები, რომლებიც მოდელს დაედო საფუძვლად, ამჟამად საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის და ჯერ არც რეცენზირებად ჟურნალში გამოქვეყნებულა.
მოდელის შემქმნელის, პარიზის კლიმატისა და გარემოსდაცვითი მეცნიერების ლაბორატორიის მკვლევრის, ჯონათან ბარიჩივიჩის განცხადებით, რაც არ უნდა იყოს მისი ასაკი, ეს ხე ამჟამად საფრთხეშია და დაცვა სჭირდება.
„ტურიზმის გამო ის საშინელ პირობებშია; ხეს აზიანებს კლიმატის ცვლილებაც“, — ამბობს ბარიჩივიჩი.
რამდენი წლისაა გრან აბუელო?
თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ გრან აბუელო, წიწვოვანი ხე, რომელიც ჩილეში, ალერსე-კოსტეროს ეროვნული პარკის ნისლიან ტყეებში დგას, დაახლოებით 3500 წლის იყო. თუმცა, მეცნიერებს მისი ასაკის სისტემური ანალიზი არასოდეს მოუხდენიათ.
„ამ ხის ამბის მოყოლა ერთადერთი მიზნით გვსურდა — მისი დაცვის და დასის მომატებისათვის“, — აღნიშნავს ბარიჩივიჩი.
2020 წელს, ბარიჩივიჩმა და მისმა კოლეგამ ჩილეს აუსტრალის უნივერსიტეტიდან, პროფესორმა ანტონიო ლარამ, არადესტრუქციული მეთოდის გამოყენებით ხე უმნიშვნელოდ გაბურღეს და გრძივი ნიმუში გამოიღეს; ნიმუშზე 2465 წლის ოდენობის რგოლები დაითვალეს.
თუმცა, ბურღი შეიძლება ცენტრამდე ვერ მისწვდა ოთხი მეტრის დიამეტრის მქონე მერქანს, ანუ, დაუთვლელი დარჩა მისი ზრდის აღმნიშვნელი მრავალი რგოლი.
ზრდის დანარჩენი რგოლების გათვალისწინების მიზნით, ჯგუფმა მათემატიკური მოდელი შექმნა, რომელმაც მხედველობაში მიიღო F. cupressoides-ის ზრდა სხვა მაჩვენებლებით, ყლორტიდან მომწიფებულ ხემდე. მოდელში ასევე ჩართული იყო კონკურენციითა და გარემოსა და კლიმატის რყევებით გამოწვეული ვარიაციები ზრდაში.
ამის შემდეგ, მოდელის გამოყენებით ჯგუფმა ხის ზრდის ტრაექტორიის სიმულირება 10 000-ჯერ მოახდინა. ამ სიმულაციებმა მათ გრან აბუელოს პროგნოზირებული ასაკის დიაპაზონი მისცა.
როგორც ბარიჩივიჩი განმარტავს, მოდელის შეფასებით, ხე სავარაუდოდ 4500 წლისაა. აბსოლუტური მაქსიმუმი, რა ასაკისაც ის შეიძლება იყოს, 6000 წელია; არსებობს 80-პროცენტიანი შანსი, რომ ხე 5000 წელზე მეტის იყოს; ზრდის სიმულირებული ყველა ტრაექტორია მიუთითებს, რომ ის სულ მცირე 4100 წლისაა.
მისივე განცხადებით, ხის ძალიან სიძველეზე კიდევ ერთი ფაქტორი მიუთითებს: ბიოლოგიური კანონი, რომელსაც ზრდა-სიცოცხლის ხანგრძლივობის ბალანსს უწოდებენ. ეს ბალანსი მიუთითებს, რომ ნელა მზარდი სახეობები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ფიცროიას ხეები კი წარმოუდგენლად ნელა იზრდება — უფრო ნელა, ვიდრე დედამიწის სხვა დღეგრძელი სახეობები, მაგალითად სეკვოია (Sequoiadendron giganteum) და დიდი აუზის ჯაგარგირჩა ფიჭვები.
თუმცა, სხვა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ძალიან ფრთხილობენ ხის ასაკის შესაფასებლად მოდელირებული მონაცემების გამოყენებისას, რადგან ასაკის შეფასების ერთადერთი ნამდვილი მეთოდი დენდროქრონოლოგიაა, რგოლების საფუძველზე.
საფრთხის ქვეშ მყოფი ხე
მიუხედავად იმისა, რომ ამ ხემ ათასწლეულებს გაუძლო, მისი მომავალი საეჭვოა.
უძველეს ხეს გარს შემოაკრეს ფეხით გასავლელი ვიწრო პლატფორმა, რომელიც მის უკანასკნელ ცოცხალ ფესვებს აზიანებს; ამ პლატფორმაზე დადის ყოველწლიურად მის სანახავად მისული აურაცხელი ტურისტი, რაც ხეს კიდევ უფრო აზიანებს.
ფიცროიას ეს უძველესი ხე ასევე დააზიანა კლიმატის ცვლილებამ და თანმხლებმა 10-წლიანმა გვალვამ.
ბარიჩივიჩს და მის კოლეგებს აქვთ შეთავაზება, რომ ხეს გარს შემოაკრან სამი მეტრის სიმაღლის ბადე, რომელიც ხალხს მასთან მიახლოების საშუალებას არ მისცემს. ასევე გასცემენ რეკომენდაციას, რომ ხის უძველესი ფესვებიდან შორს გადაიტანონ საფეხმავლო ბილიკი.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.