ჩილეს მასშტაბური მონაცემები COVID-19-ის ვაქცინების წარმატებაზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება
ჩილეს მასშტაბური მონაცემები COVID-19-ის ვაქცინების წარმატებაზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება

ჩილეს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, Sinovac-ის კოვიდვაქცინა 58,5 პროცენტით ეფექტიანი იყო სიმპტომური დაავადების პრევენციის მხრივ, თებერვლიდან ივლისამდე აცრილ მილიონობით ჩილელში. ამავე პერიოდში აცრილთა შორის 87.7 პროცენტით ეფექტიანი აღმოჩნდა Pfizer-ის ვაქცინა, AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობა კი 68.7% იყო.

გასული წლის დეკემბრიდან, ჩილემ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი კამპანია დაიწყო. ამ დროისათვის, უკვე სრულად არის აცრილი ჩილეს მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი, ძირითადად Sinovac-ის ვაქცინა CoronaVac-ით.

თებერვლიდან ივლისამდე აცრილ მოსახლეობაში, ეს ვაქცინა 86 პროცენტით ეფექტიანი აღმოჩნდა ჰოსპიტალიზების პრევენციის მხრივ, 89,7 პროცენტით ეფექტიანი რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრის პრევენციის თვალსაზრისით, სიკვდილის პრევენცია კი 86 პროცენტით შეძლო.

აპრილში იგივე კვლევა აჩვენებდა, რომ CoronaVac-ი 67 პროცენტით ეფექტიანი იყო სიმპტომური დაავადების პრევენციის მხრივ, 85 პროცენტით ეფექტიანი ჰოსპიტალიზაციის და 80 პროცენტით ეფექტიანი სიკვდილის პრევენციის თვალსაზრისით. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ გაიზარდა ვაქცინის ეფექტიანობა უფრო სერიოზული შედეგების წინააღმდეგ, მაგრამ შემცირდა სიმპტომური დაავადების შეჩერების მხრივ.

ჩილეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, დოქტორ რაფაელ არაოსის განცხადებით, ვაქცინების მიერ მოცემული თავდაცვის დროთა განმავლობაში შემცირება გარდაუვალი იყო, განსაკუთრებით ახალი, უფრო ძლიერი შტამების, მაგალითად დელტას გამოჩენის პირობებში.

ჩილეს ხელისუფლება ასევე აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში გამოყენებული სხვა ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ; ესენი გახლავთ Pfizer/BioNTech-ისა და ოქსფორდი/AstraZeneca-ს ვაქცინები.

იმავე პერიოდში, Pfizer-ის ვაქცინა 87,7%-ით ეფექტიანი იყო სიმპტომური COVID-19-ის პრევენციის მხრივ, 98 პროცენტით ეფექტიანი რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრის და 100 პროცენტით ეფექტიანი სიკვდილის პრევენციის თვალსაზრისით.

რაც შეეხება AstraZeneca-ს, ის 68,7%-ით ეფექტიანი იყო სიმპტომური COVID-19-ის პრევენციის მხრივ, 98 პროცენტით ეფექტიანი რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრის და 100 პროცენტით ეფექტიანი სიკვდილის პრევენციის თვალსაზრისით.

ჩილეს კვლევამ ვაქცინის ეფექტიანობა შეამოწმა ადამიანთა იმ სხვადასხვა კონტინგენტებში, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ ვაქცინის ორი დოზა, ერთი დოზა ან საერთოდ აუცრელები იყვნენ.

ამ პერიოდში, Sinovac-ის ვაქცინა 8,6 მილიონ ადამიანს გაუკეთდა, Pfizer/BioNTech-ი 4,5 მილიონს, AstraZeneca კი 2,3 მილიონ ადამიანს.

მომზადებულია reuters-ის მიხედვით.