ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-4 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისის „ლოკომოტივმა“ „მიხეილ მესხი 2“-ზე საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლა და 1:1 ითამაშა.
„ლოკომოტივში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების კანდიდატმა უჩა ლობჟანიძემ, რომელიც გუნდს ორიოდე დღის წინ “სამტრედიიდან” დაემატა.
თბილისელებს 24-ე წუთზე მოთამაშე გაუძევეს – ორი ყვითელი ბარათის გამო მოედნის დატოვება გიორგი გაბაძეს მოუხდა. ამის მიუხედავად, 31-ე წუთზე ნიკა ჭანტურიას პასით “ლოკომოტივის” თავდამსხმელმა ვატო არველაძემ მასპინძლები დააწინაურა.
საჩხერელებმა რიცხობრივი უპირატესობით მაინც ისარგებლეს – 80-ე წუთზე, დემურ ჩიხლაძემ ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა 1:1. ამ ქულით საჩხერლები მეორე ადგილზე დაწინაურდნენ.