ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. ჭიათურაში მოქმედი ყველა მაღარო გაჩერებულია. სამუშაო პროცესი დილიდან შეწყდა.
13 მაღაროს 3 700 მაღაროელმა სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვა. კომპანია „ჯორჯია მანგანეზში“ დასაქმებულები ხელფასების 50%-იან მატებას და ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა კომპანიას, წერილობით 21 დღის წინ მიმართეს. გაფიცული მაღაროელები საპროტესტო აქციას ჭიათურის მერიასთან მართავენ და აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, პროტესტი მასშტაბური სახეს მიიღებს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მაღაროელთა პროტესტის პარალელურად, სოფელ შუქრუთის მოსახლეობის აქციაც მიმდინარეობს. მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელ შუქრუთში მადნის მოპოვებითი სამუშაოების გამო დაზიანდა მათი საცხოვრებელი სახლები. აქციის მონაწილეები მადნის მომპოვებელ კომპანიას კომპენსაციის გაცემას სთხოვენ.