ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები აცხადებენ, „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციამ სამუშაოდ უცხოელი მაღაროელები ჩამოიყვანა
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები აცხადებენ, „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციამ სამუშაოდ უცხოელი მაღაროელები ჩამოიყვანა

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა „ჯორჯიან მანგანეზის“ გამამდიდრებელ ახალ ქარხანასთან გადაინაცვლა.

მაღაროელების ინფორმაციით, ადმინისტრაციამ უცხოელი მაღაროელები ჩამოიყვანა და მათი მეშვეობით აღადგინა ქარხნის მუშაობა.

ჭიათურელი მაღაროელების შეფასებით, ამ ქმედებით მენეჯმენტი ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს დასაქმებულების ნაწილი მუშაობის გაგრძელებაზე თანახმაა და ამით გაფიცულებს შორის უთანხმოება გამოიწვიოს.

მაღაროელების ნაწილი ქარხნის ცენტრალურ შესასვლელთან დგას და იმუქრება, რომ სატვირთო მანქანებს არ გაატარებს.

ჭიათურაში მაღაროელები მეშვიდე დღეა, გაფიცულები არიან. მათ ქალაქის ცენტრში კარვები აქვთ გაშლილი. მაღაროელები ხელფასის სულ მცირე 30 პროცენტით მომატებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაფიცვა გაგრძელდება.

შეგახსენებთ, მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

პროტესტის ნიშნად, 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ერთ-ერთმა მაღაროელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა.