ჩერნობილში დაახლოებით 20 ჰექტარზე გავრცელებული ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ
ჩერნობილის ზონაში რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში 120 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.
რადიაციულ-ქიმიური დაცვის სპეციალისტები ტერიტორიას მუდმივად ამოწმებენ. მათი ცნობით, ამჟამად რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია.
არსებული ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ე.წ. გაუცხოების ზონის ტერიტორიაზე ცეცხლი დაახლოებით 20 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.
ხანძრის გამო კიევის საოლქო ადმინისტრაციამ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„ხანძრის, ასევე, კიევის ოლქის ბროვარის რაიონში ტორფის დნობის გამო შეიძლება მოხდეს დაკვამლიანება. ამიტომ გირჩევთ, დიდხანს არ იმყოფებოდეთ ქუჩაში და დახუროთ ფანჯრები“, – განაცხადა კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რუსლან კრავჩენკომ.