აფხაზეთის დღის აღსანიშნად საკანონმდებლო ორგანოში გამოფენა, სახელწოდებით – „ჩემი სახლი აფხაზეთში“ გაიხსნა. გამოფენის ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების შვილების ნამუშევრები. ღონისძიება დაესწრნენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნამუშევრებში ჩადებულია ის განცდა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს გულში აქვს.
„ეს არამხოლოდ იმ ადამიანების განცდაა, რომლებსაც აფხაზეთის, ჩვენი ისტორიული, მშობლიური კუთხის დატოვება მოუწიათ, არამედ თითოეული ქართველის განცდაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გულებით ვატარებთ. ეს არის მონატრების განცდა, ეს არის ჩვენი ოცნება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ერთხელ აუცილებლად უნდა შევხვდეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს, ერთხელ აუცილებლად უნდა ასრულდეს მიზანი, რასაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისა და დების დაბრუნება ჰქვია. ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზანი, ოცნება და მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ეს ოცნება აუცილებლად ასრულდება და ამის ერთ-ერთი საუკეთესო წინაპირობა ისაა, რომ ჩვენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, ბავშვები, ახალი თაობა გვყავს, რომელიც საუკეთესო საფუძველი იქნება იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან. აქტიურად ვმუშაობთ, რომ სამშვიდობო ინიციატივებით გამოვიდეთ, ხელი გავუწოდოთ ჩვენს აფხაზ ძმებსა და დებს. დარწმუნებული ვარ, ეს მისწრაფება, საბოლოო ჯამში, აუცილებლად იქნება შედეგიანი“, – განაცხადა კობახიძემ.
დღეს აფხაზეთის დღე აღინიშნება. 23 მაისი – მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა. აფხაზეთობა 2014 წლიდან აღინიშნება.