ევროპარლამენტარი ალექსანდრ ვონდრა სტატიას აქვეყნებს - არა რუსეთი, არამედ საქართველო იმსახურებს „დიდი შვიდეულის“ ლიდერების მხარდაჭერას
ევროპარლამენტარი ალექსანდრ ვონდრა სტატიას აქვეყნებს - არა რუსეთი, არამედ საქართველო იმსახურებს „დიდი შვიდეულის“ ლიდერების მხარდაჭერას

საქართველო და არა რუსეთი იმსახურებს „დიდი შვიდეულის“ ლიდერების მხარდაჭერას, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას neweurope.eu-ზე ევროპარლამენტის წევრი და ჩეხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრ ვონდრა.

როგორც ყოფილი მინისტრი წერილში აღნიშნავს, ივნისში აშშ-ში დაგეგმილი „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრის გადადებამ შესაძლოა, საერთაშორისო საზოგადოებას გარკვეული გეოპოლიტიკური შეცდომები ააცილა თავიდან. ალექსანდრ ვონდრა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაძლო მიწვევის ინიციატივას შეცდომას უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ, ვიდრე სამიტის ახალი თარიღი დაზუსტდება, საღი აზრი დაბრუნდება.

„რუსეთი ამჟამად „დიდი შვიდეულიდან“ გარიცხულია საფუძვლიანი მიზეზით – მისი რამდენიმე მეზობლის აგრესიული სამხედრო ოკუპაციის გამო და დემოკრატიის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და თვითგამორკვევის უფლების პატივისცემაზე უარი გამო. დღესდღეობით ასიათასობით ადამიანი ცხოვრობს რუსეთის შეიარაღებული ძალების ან მებრძოლების ოკუპაციის პირობებში, დონბასი უკრაინაში, ყირიმი თუ ცხინვალი (სამხრეთ ოსეთი) საქართველოში“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც ვონდრა აღნიშნავს, საქართველო საუკეთესოდ წარმოაჩენს შიდა დაძაბულობას ავტორიტარული აგრესიისა და ეკონომიკური ვარდნის რუსულ მოდელსა და თავისუფლების, კეთილდღეობისა და დემოკრატიის დასავლურ მოდელს შორის.

„საქართველოს ჰყავს პროევროპული და პროდასავლური მთავრობა პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით და მოსახლეობის მხარდაჭერა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისადმი 80 პროცენტს შეადგენს. ქვეყანა დემოკრატიული – „ქართული ოცნების“ მიერ ახლახან შეთავაზებულ საარჩევნო რეფორმას ევროკავშირი და აშშ მიესალმებიან, რომელთაგან ორივე ჩართული იყო მოლაპარაკებებსა და შემუშავებაში. ის ასევე მხარს უჭერს ეკონომიკურ თავისუფლებას და მსოფლიოსთან ვაჭრობას, საქართველო ამჟამად ასრულებს ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას. მან ახლახან მოაწერა ხელი დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას და ელოდება თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს აშშ-სთან. მსოფლიო ბანკი აფასებს ქვეყანას, როგორც ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის მსოფლიოში მე-7 ადგილზე მყოფ ქვეყანას. თუმცა, ბოლო წლებში, თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართულებით მიღწეული წარმატებების მიუხედავად (ან შესაძლოა ამის გამო?), რუსეთის მხრიდან მტრობა და ჩაგვრა საქართველოს მისამართით გრძელდება. მიმდინარე წლის დასაწყისში, აშშ-ის, ევროპისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებებმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთობლივი გამოძიების შედეგად გამოავლინეს მასიური რუსული კიბერთავდასხმის დეტალები, რომლის სამიზნეც საქართველოს სამთავრობო ვებგვერდები და სხვა ელექტრონული ინფრასტრუქტურა იყო. 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი და შეშფოთების მიზეზი უნდა იყოს ის, რომ რუსეთი კვლავ, როგორც ისეთი უფრო დიდი სახელმწიფოების შემთხვევაში, როგორიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი, ავრცელებს დეზინფორმაციას და შიშს“, – წერს ჩეხი პოლიტიკოსი.

ალექსანდრ ვონდრა აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ უკანონოდ არის ოკუპირებული.

„მთავრობა თბილისში აჩვენებს შესანიშნავ თავშეკავებულობას, როდესაც განაგრძობს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობას, რათა სცადოს, ოკუპაციის მშვიდობიანად დასრულება და გაათავისუფლოს ოკუპირებულ რეგიონებში ხაფანგში აღმოჩენილი ქართველები. დაძაბულობის ასეთი დეესკალაცია საერთაშორისო ურთიერთობებში არის მწიფე და პასუხისმგებლიანი მიდგომა“, – წერს ევროპარლამენტის წევრი.

ამასთან, სტატიის ავტორი წერს, რომ წარმატებისთვის საჭიროა დასავლეთის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება, რათა მან შეწყვიტოს სხვა ქვეყნების დემოკრატიაში ჩარევა.

„პრეზიდენტ პუტინის მიწვევა „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე გაგზავნის სრულიად არასწორ სიგნალს“, – აღნიშნავს ევროპარლამენტარი.

წერილის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებს გაუმართლათ, რომ რეგიონი ევროკავშირსა დ ნატო-ში ინტეგრაციის პიონერები გახდნენ, რადგან ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებელი მათ უზრუნველყოფს გარკევული სიძლიერით რუსეთის საფრთხის წინაშე.

ალექსანდრ ვონდრას აზრით, გავლენის სფეროებსა და იმპერიებზე საუბარი ისეთივე არქაულია, როგორიც მეფეთა ღვთიურ უფლებებზე საუბარი.

„ის, რაც დღევანდელ მსოფლიოში არსებობს, არ არის „გავლენის სფეროები“: ის, რაც არსებობს – არის დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რომელთაგან ბევრი, როგორც საქართველოს შემთხვევაში, არის უკიდურესად დემოკრატიული და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დარჩეს ასეთად“, – წერს ავტორი.

„ამ დამოუკიდებელი ქვეყნების მთავრობებს და მოქალაქეებს, რომელთა წინაშეც ისინი არიან ანგარიშვალდებულნი, აქვთ უფლება თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ბევრი მათგანისთვის ეს მომავალი თავისუფალ მსოფლიოზე გადის და ჩვენ, ვინც უკვე ვსუნთქავთ თავისუფლად, უნდა გვქონდეს მორალური სიმტკიცე და პოლიტიკური სიმამაცე, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის ხელისუფლებას, რომელიც უარს აცხადებს, აღიაროს თავისუფლება ან დემოკრატია საქართველოში და სხვაგან. ეს ნიშნავს, რომ არანაირ გარემოებებში არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ქვეყანა კვლავ შეუერთდეს „დიდ შვიდეულს“, თუნდაც დროებით“, – ნათქვამია სტატიაში.