დმიტრო კულება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდებს, უზრუნველყონ უკრაინა ისეთი საჰაერო თავდაცვით, როგორიც ისრაელშია
დმიტრო კულება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდებს, უზრუნველყონ უკრაინა ისეთი საჰაერო თავდაცვით, როგორიც ისრაელშია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდებს, უზრუნველყონ უკრაინა ისეთი საჰაერო თავდაცვით, როგორიც ისრაელშია.

ამის შესახებ კულებამ იტალიის კუნძულ კაპრიზე „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ვფიქრობ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტრატეგიის განსაზღვრა. ჩვენი პარტნიორების სტრატეგია ისრაელში, როგორც ჩანს, გულისხმობს ზიანისა და მსხვერპლის თავიდან აცილებას. სწორედ ამიტომ, მათ იპოვეს გზა, ეფექტიანად ჩამოაგდონ ირანული რაკეტები. ამ დრომდე, ბოლო თვეებში უკრაინაში ჩვენი პარტნიორების სტრატეგია, როგორც ჩანს, გულისხმობს ზარალის შემდგომ აღდგენაში დახმარებას, მომავალი ზარალის მინიმუმამდე დაყვანას და სამოქალაქო მსხვერპლის გამო თანაგრძნობის გამოხატვას. ეს ორი სხვადასხვა სტრატეგიაა. ასე რომ, დღეს ჩვენი ამოცანაა, ვიპოვოთ გზა, რითიც ჩვენი პარტნიორები შეიმუშავებენ მექანიზმს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ მსხვერპლი და ნგრევა უკრაინაში“, – განაცხადა კულებამ.

კუნძულ კაპრიზე „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მეორე დღეა.

უკრაინის საკითხის გარდა, განიხილება ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც შეხვედრას ამერიკელ, იტალიელ, გერმანელ, ფრანგ, ბრიტანელ, იაპონელ და კანადელ პარტნიორებთან ერთად ესწრება, ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, გადასცენ კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი ქალაქების რუსეთისგან დაცვა.