Charlie Hebdo-მ გაზეთის რედაქციაში დატრიალებული ტრაგედიის მესამე წლისთავისადმი მიძღვნილი ნომერი გამოუშვა
ცნობილმა ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა „შარლი ებდომ“ გაზეთის რედაქციაში დატრიალებული ტრაგედიის მესამე წლისთავისადმი მიძღვნილი ნომერი გამოუშვა.
გაზეთის სატიტულო გვერდზე განთავსებულია კარიკატურა სათაურით – „სამი წელი კონსერვის ქილაში“. ამასთანავე, „შარლი ებდოს“ მთავარი რედაქტორი, ცნობილი ფრანგი კარიკატურისტი რისი (ლორან სურისო) სარედაქციო სტატიაში წერს, რომ 2015 წლის ტერაქტის შემდეგ გაზეთის რედაქცია ნამდვილ ბუნკერს დაემსგავსა და კოლოსალურ ფინანსურ ხარჯებს წევს, რათა დაიცვას რედაქციისა და „შარლი ებდოს“ ჟურნალისტების უსაფრთხოება.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, გაზეთის რედაქციას შენობის დაცვა და ჟურნალისტების ყოველდღიური უსაფრთხო გადაადგილება 1,5 მილიონი ევრო უჯდება, რაც დაახლოებით 800 000 გაყიდული ნომრიდან შემოსული მოგების ტოლფასია, რომელიც ძალიან მძიმე დანაკარგად აწვება „შარლი ებდოს“ ფინანსურ მდგომარეობას. როგორც გაზეთის მთავარი რედაქტორი წერს, სამი წლის წინანდელმა ტერაქტმა მათი შემოსავალი 60 მილიონი ევროდან 19 მილიონ ევრომდე ჩამოიყვანა.
„არ შეიძლება, დემოკრატიულ ქვეყანაში რომელიმე გამომცემლობა საკუთარი შემოსავლების მესამედს საკუთარი რედაქციის შენობის და იქ მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ხარჯავდეს“, – აღნიშნავს სარედაქციო წერილში „შარლი ებდოს“ მთავარი რედაქტორი რისი (ლორან სურისო).
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს „შარლი ებდოს“ რედაქციაში ორი ტერორისტი, ძმები – შარიფ და საიდ კუაშები შეიჭრნენ, რომლებმაც რედაქციის ცხრა თანამშრომელი და დაცვის ორი თანამშრომელი მოკლეს. ამასთან, „შარლი ებდოს“ ტრაგედიამ საფრანგეთში დასაბამი მისცა ტერორისტული აქტების სერიას, რომელსაც 2015-2016 წლებში 241 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.