CFD მექანიზმით, ეკონომიკის სამინისტრომ პირველი აუქციონი გამოაცხადა
CFD მექანიზმით, ეკონომიკის სამინისტრომ პირველი აუქციონი გამოაცხადა

CFD მექანიზმით, ეკონომიკის სამინისტრომ პირველი აუქციონი გამოაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცებისა და აუქციონის წესების შემუშავების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონი გამოაცხადა.

„გამოცხადდა სიმძლავრის აუქციონი, ჯამში 300 მეგავატზე, რომელიც იყოფა კატეგორიებად: ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) – 150 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები – 70 მგვტ; მზის ელექტროსადგურები – 70 მგვტ; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები – 10 მგვტ. აუქციონი წარიმართება კონკურენტულ საბაზრო პირობებზე დაყრდნობილ პირობებში, რაც უზრუნველყოფს სამართლიანი ფასის მიღებას როგორც ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესისთვის. მხარდაჭერის მექანიზმი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს რესურსების ათვისება და ინვესტიციების მოზიდვა. ეს კი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე“,- აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.

ცნობისთვის, მთავრობას ენერგეტიკის ხელშეწყობის ახალი პროექტის ფარგლებში ჯამში 1500 მეგავატის გენერაციის ობიექტების მშენებლობის მოლოდინი აქვს. საქმე ეხება ენერგეტიკის სექტორში დაფინანსების ახალ პრინციპს, რომელიც ფასთაშორის სხვაობის დაბრუნებას გულისხმობს. ამ მოდელის მიხედვით, კომპანიის კონტრაქტით გათვალისწინებული ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება. ამ ფორმით სახელმწიფო აზღვევს ინვესტორის რისკებს, რათა ენერგეტიკის მიმართ მათი დაინტერესება გაიზარდოს. 300 მეგავატი მხოლოდ პირველი ეტაპია. მეორე ეტაპზე აუქციონი 400 მეგავატზე გამოცხადდება. საბოლოო მესამე 800 მეგავატიანი აუქციონის პირობები, რომელიც მომდევნო წელს უნდა ჩატარდეს, ჯერჯერობით უცნობია.