ვახტანგ ცინცაძე - მსოფლიო ბანკის „საწარმოთა გამოკითხვის“ შედეგები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში არსებულ ჯანსაღ ბიზნესგარემოს
ვახტანგ ცინცაძე - მსოფლიო ბანკის „საწარმოთა გამოკითხვის“ შედეგები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში არსებულ ჯანსაღ ბიზნესგარემოს

მსოფლიო ბანკის „საწარმოთა გამოკითხვის“ 2023 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბიზნესგარემო თითქმის ყველა ასპექტში უმჯობესია როგორც მსოფლიოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებთან, ასევე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, „საწარმოთა გამოკვლევა“ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მოიცავს ბიზნესგარემოს ფართო სპექტრს: კორუფციის დონის, რეგულაციებისა და გადასახადების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებლებს.

„მაგალითად, რეგულაციებზე დახარჯული დროის თვალსაზრისით, საქართველოს მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაჩვნებელი, დაახლოებით, 9%-ია. ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიებს, დაახლოებით, 3-ჯერ ნაკლები დრო სჭირდებათ რეგულაციებთან შესაბამისობისთვის, ვიდრე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ასევე აღსანიშნავია მაჩვენებლები კორუფციის მიმართულებით. მათ შორის, მოქრთამვის შემთხვევები, კორუფციის სიღრმე თუ საჯარო მომსახურების გაწევისას კომპანიების მოლოდინი ქრთამის გადახდასთან დაკავშირებით საქართველოში ან ნულია, ან ნულთან ახლოსაა, როცა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 6%-ია. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში არსებულ ჯანსაღ ბიზნესგარემოს. ჩვენი მთავრობის მიზანია მისი კიდევ უფრო გაუმჯობესება და დახვეწა. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ქვეყანაში ხარისხობრივი ინვესტიციების შემოდინებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ, მსოფლიო ბანკის წინა კვლევასთან შედარებით, 17.3%-დან ცხრა პროცენტამდე შემცირდა კომპანიების წილი, რომლებიც გადასახადების განაკვეთს მიიჩნევდა მნიშვნელოვან შემზღუდავ ფაქტორად. უწყების ცნობით, იმ კომპანიების წილი, რომლებიც გადასახადების ადმინისტრირებას შემზღუდავ ფაქტორად მიიჩნევენ, განახევრებულია და მხოლოდ 3.9%-ს შეადგენს. ასევე, კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, საქართველოში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფიქსირდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ამ კომპონენტის უმრავლეს ინდიკატორებში საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად უკეთესია ევროპისა და ცენტრალური აზიის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.