ცეზარ ჩოჩელი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო სტაბილურ და განვითარებულ ბაზრებზე ვიყოთ მიბმული, ვიდრე რუსეთია
ქართულმა ბიზნესმა და სახელმწიფომ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რომ უფრო სტაბილურ და განვითარებულ ბაზრებს მიებას, ვიდრე რუსეთია. სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთად უნდა იმუშაონ, რომ პერსპექტიულ ბაზრებზე ქართული კომპანია და პროდუქცია წარმოაჩინონ, – ამის შესახებ კომპანია „ზედაზენის“ დამფუძნებელმა, ცეზარ ჩოჩელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის საკითხი და რუსეთის ბაზართან დაკავშირებული რისკები განიხილეს.
„რაც შეეხება ტურიზმს და ექსპორტს, მიმაჩნია, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ. შესაბამისად, მცირე მოცულობის პროდუქციის წარმოება შეგვიძლია. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო სტაბილურ ბაზრებზე ვიყოთ მიბმული, ვიდრე რუსეთია. დივერსიფიცირება უნდა მოვახდინოთ. გაცილებით სტაბილური და პერსპექტიული ბაზრებია ჩვენს გარშემო“, – განაცხადა ჩოჩელმა.
დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ უფრო განვითარებული და სტაბილური ქვეყნების ბაზრებზე გასვლას ბიზნესის წარმოების უკეთესი კვალიფიკაცია სჭირდება, რაც ძვირი ჯდება და პროცედურულადაც უფრო რთულია, ვიდრე რუსეთის ბაზარზე. ჩოჩელი თვლის, რომ აღნიშნული პრობლემა ბიზნესმა და სახელმწიფომ ერთად უნდა დაძლიონ, რადგან ქართული ბიზნესის ხვალინდელი დღე უფრო განვითარებული და სტაბილური ბაზრებია.
„საკითხი ასე უნდა დავაყენოთ – ბიზნესმა და სახელმწიფომ ერთი მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რომ განვითარებულ ბაზრებზე ქართული კომპანიები და პროდუქცია რაც შეიძლება მეტად წარმოვაჩინოთ. უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, ვიდრე დღეს. ზუსტად არ მახსოვს, ეკონომიკის თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართველი მეწარმეების პროდუქციის წარმოჩენას ახდენდა აზიის და ევროპის ბაზრებზე, მაგრამ, რა სამწუხაროც უნდა იყოს, ძალიან ცოტა კომპანიას ჰქონდა სურვილი, რომ პოტენციური კლიენტების მოსაზიდად ევროპის და არაბეთის ქვეყნებში წარმოჩენილიყო“, – განმარტა ჩოჩელმა
მისი აზრით, აღნიშნული ბაზრები გარდა სანდოობისა, უფრო მაღალი მსყიდველუნარიანობით გამოირჩევა, ვიდრე რუსეთი და იქიდან შემოსავალიც მეტია.
„ჩვენ აქცენტი განვითარებულ, ძვირად ღირებულ ბაზრებზე უნდა გადავიტანოთ, საიდანაც გაცილებით მეტი შემოსავალია. თუ შევადარებთ ერთი ბოთლი ღვინიდან მიღებულ თანხას, როგორც რუსეთიდან, ისე ევროპიდან ან ნებისმიერი განვითარებული ქვეყნიდან, აღმოვაჩენთ, რომ ამ უკანასკნელიდან შემოსავალი გაცილებით დიდია. ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე, იმიტომ, რომ ხარისხის მიმართ მოთხოვნა უფრო მაღალია. თუნდაც არაბულ სამყაროს ხარისხთან დაკავშირებით გაცილებით მაღალი სტანდარტი აქვს, ვიდრე რუსეთს. ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რომ განვითარებულ ბაზრებზე შევიდეთ, რომლის დაკარგვაც უფრო რთული იქნება. ამ დროს, ყველა ქართველს გაცნობიერებული გვაქვს, რომ ხვალ შეიძლება რუსეთის ბაზარი დავკარგოთ“, – განუცხადა ცეზარ ჩოჩელმა „ბიზნესპარტნიორს“.