ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკო-ს თავმჯდომარის მიმართ დისკრედიტაციული ინფორმაცია ვრცელდება
ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკო-ს თავმჯდომარის მიმართ დისკრედიტაციული ინფორმაცია ვრცელდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, დღეს, მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკო-ს თავმჯდომარის მიმართ ვრცელდება მანიპულაციური და დისკრედიტაციული ინფორმაცია, რომელიც არჩეული საკრებულოების პირველი სხდომების 3 დეკემბერს გამართვასთან დაკავშირებით ცესკო-ს შესაბამის დადგენილებას ეხება.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან დღეს ცესკო-ს მიმართ გავრცელდა მიკერძოებული და არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ცესკო-მ მიზანმიმართულად გააჭიანურა პირველი სხდომების დანიშვნა.

ცესკო-ში განმარტავენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო კოდექსით გაწერილი ვადების ფარგლებში, ბევრად ადრე მოიწვია საკრებულოების პირველი სხდომები, მაშინ როდესაც კანონმდებლობით ამისთვის კომისიას არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 30-დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული.

„25 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მისი საკანონმდებლო კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოების პირველი სხდომების გამართვის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ცესკო-ს სხდომაზე მიღებული განკარგულების შესაბამისად, საკრებულოების პირველი სხდომები მიმდინარე წლის 3 დეკემბერს გაიმართება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმიანებით მანიპულაციურ და დისკრედიტაციულ ინფორმაციას, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკო-ს თავმჯდომარის მიმართ ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების საშუალებით“, – აცხადებენ ცესკო-ში.

მათივე თქმით, 25 ნოემბრის სხდომაზე, სადაც გადაწყდა საკრებულოების პირველი სხდომების 3 დეკემბერს გამართვა, 15 კომისიის წევრი ესწრებოდა და განკარგულებას მხარი დაუჭირა კომისიის 14-მა წევრმა.

„გვინდა, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არასწორია ცესკო-ს და საკრებულოების საქმიანობის ერთმანეთთან დაკავშირება. ცესკო საკუთარ გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი, საჯარო ინსტიტუტი, კოლეგიური ორგანო, რომელიც სხდომებზე ღებულობს გადაწყვეტილებებს კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით. 25 ნოემბრის სხდომას, სადაც გადაწყდა საკრებულოების პირველი სხდომების 3 დეკემბერს გამართვა, 15 კომისიის წევრი ესწრებოდა (17-დან) და განკარგულებას მხარი დაუჭირა კომისიის 14-მა წევრმა. ცესკო-ს არც ერთ წევრს შენიშვნა და მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს.

ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ კომისიამ ყველა საკანონმდებლო ვადა ზედმიწევნით სკულპულოზურად და რა თქმა უნდა, რაციონალურად გაითვალისწინა, რაც მოიაზრებს მაგალითად შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ვადის ამოწურვის პერიოდს, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის ძალაში შესვლის ეტაპებს, პირველი სხდომების პროცედურული ორგანიზებისთვის საჭირო დროს, ასევე ახლად არჩეული მერების უფლებამოსილებაში შესვლის ვადებს; თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო კოდექსით გაწერილი ვადების ფარგლებში, ბევრად ადრე მოიწვია საკრებულოების პირველი სხდომები, მაშინ როდესაც კანონმდებლობით ამისთვის კომისიას არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 30-დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული. ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან დღეს ცესკო-ს მიმართ სწორედ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გავრცელდა მიკერძოებული და არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ცესკო-მ მიზანმიმართულად გააჭიანურა პირველი სხდომების დანიშვნა; ცესკო-ს წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული განცხადებები, შეიძლება ითქვას, რომ კამპანიური ხასიათისაც და ძირითადად ერთნაირი შინაარსის გზავნილებით გამოირჩეოდა. მათ შორის იყო ცესკო-ს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილის განცხადებაც, რომ თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. ასეთი შეფასება, როცა ინსტიტუციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მანამდე არ ჰქონია არანაირი ინიციატივა საკრებულოების პირველი სხდომების თარიღთან დაკავშირებით, ხოლო უშუალოდ 25 ნოემბრის სხდომაზე მან და მისმა სხვა კოლეგებმა შენიშვნის და განსხვავებული აზრის გარეშე მხარი დაუჭირეს სხდომების 3 დეკემბერს დანიშვნას, უხერხულია და ტოვებს პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციის შთაბეჭდილებას.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მუშაობს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და მისი საქმიანობის ხელოვნურად სხვა ინსტიტუციების გადაწყვეტილებებთან დაკავშირება, ჩვენი აზრით, ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის და მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.