ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული ორი ადამიანი მართვით სუნთქვაზეა
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული ორი მცირეწლოვანი თბილისში, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
ბოლო მონაცემებით, ავარიის დროს 13 ადამიანი დაშავდა. აქედან ორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მათგან ერთს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
ავარიის დროს დაშავებული კიდევ ორი ადამიანი მართვით სუნთქვაზეა.
როგორც ექიმები აცხადებენ, დაშავებულებს ძირითადად ქალა-ტვინისა და კიდურების დაზიანებები აღენიშნებათ.
ავარიის დროს დაიღუპა ერთი ახალგაზრდა, 1992 წელს დაბადებული მამაკაცი.
თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი, სოფელ ფერმასთან, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსი ახალქალაქი-რუსთავის რეისს ასრულებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანიშნულია ხუთი სახის ტრასოლოგიური ექსპერტიზა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.