ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები - არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებულია აღნიშნული, სამხარაულის ბიუროში ჩატარებულ ექსპერტიზას წუხელ ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო.
ცენტრის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე.
„2018 წლის 20 -21 მარტს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარებულ იქნა სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობდა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ბატონი ირაკლი თოიძე, პროკურატურის დადგენილების შესაბამისად.
წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე.
ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ჩატარდეს კომპლექსურ – კომისიური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ, მინესოტას პროტოკოლი, სტამბოლის პროტოკოლი, რათა დადგენილ იქნას წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალების მიზეზს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
განცხადების ტექსტს ხელს აწერენ ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტები, საერთაშორისო ექსპერტი წამების დოკუმენტირების საკითხში მარიამ ჯიშკარიანი და ცენტრის დირექტორი, სასამართლო – სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან გუშინ გადმოასვენეს.