ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილიადის“ პრეზიდენტი ჯონ მარტინი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკული კომპანია „გილიადის“ პრეზიდენტი ჯონ მარტინი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. „გილიადის“ დახმარებით საქართველოში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ხორციელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ფარმაცევტული კომპანია Gilead Sciences-ის ხელმძღვანელი, ბიოტექნოლოგიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიდერი და გამორჩეული მეცნიერი, არაერთი ინოვაციური სამეცნიერო პროექტის ავტორი ჯონ მარტინი, რომლის დამსახურებით აივ ინფექციითა და ცე ჰეპატიტით დაავადებული ასი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდა. კომპანია Gilead Sciences უკვე წლებია, საქართველოსთან წარმატებით თანამშრომლობს.
ჯონ მარტინი საქართველოს დიდი მეგობარი იყო და მას პირადი წვლილი მიუძღვის ჩვენს ქვეყანაში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის დაწყებასა და განხორციელებაში. Gilead Sciences-ის მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული სამკურნალო მედიკამენტების წყალობით ჩვენს ათასობით მოქალაქეს მიეცა ქრონიკული ცე ჰეპატიტისგან განკურნების საშუალება. ჯონ მარტინის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჯონ მარტინის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ბელარუსში საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელია.
„ძალიან სევდიანი დღეა! საოცარი ადამიანის დანაკარგი, რომელმაც კაცობრიობას ასე ბევრი მიანიჭა. მისი მემკვიდრეობა იცხოვრებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, რომლებიც მან გადაარჩინა მის მიერ შექმნილი მედიკამენტებით და რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სიაში ოთხმოცი ათასი ქართველია“, – აცხადებს კვარაცხელია.