სოზარ სუბარი - ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა, ვიყოთ სტაბილური ქვეყანა, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა
სოზარ სუბარი - ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა, ვიყოთ სტაბილური ქვეყანა, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა, ვიყოთ სტაბილური ქვეყანა, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

სოზარ სუბარმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე კორონავირუსის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე არის გამორჩეული ქვეყანა.

„დღეს შემოდგომის მეორე დღეა და დაიწყო „კოვიდის“ მეორე ტალღა, რომელსაც ველოდებოდით. რა შევძელით „კოვიდთან“ დაკავშირებით? შევძელით ის, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე არის გამორჩეული ქვეყანა. ეს შევძელით ერთიანობით. გავიმარჯვეთ დაავადებაზე და გავიმარჯვებთ ამ მეორე ტალღაზეც. „კოვიდმა“ გვაჩვენა რომ შეუძლებელი არაფერია.

კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, ცე ჰეპატიტის მკურნალობა დავიწყეთ სასჯელაღსრულებაში, ციხეებში, მე, არჩილ თალაკვაძემ და თენგიზ ცერცვაძემ. ეს ამოცანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ყოველ მეორე პატიმარს ჰქონდა ცე ჰეპატიტი და განწირული იყო სიკვდილისთვის. როდესაც ეს პროგრამა წარვადგინეთ, პრემიერ-მინისტრი იყო ივანიშვილი და გვითხრა, თქვენ აკეთებთ იმას, რომ ხალხი ციხეში შევა ამის გამოო, ერთ კვირას გაძლევთ და მთელ ქვეყანას უნდა ვუმკურნალოთო. მივიღეთ წარმოუდგენელი შედეგი. მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ამ ვერაგი დაავადების ელიმინაცია ხდება. 65 000 უკვე განიკურნა და გადარჩა. 60 000 ამ დროისთვის მკურნალობს“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს.

„დღეს ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა, ვიყოთ სტაბილური ქვეყანა, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. გპირდებით, ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით. წელს, დაიწყებს მუშაობას ის უნივერსიტეტი, რომელიც საქართველის განათლების სისტემას მსოფლიო რუკაზე გააჩენს. ეს არის ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ტექნოლოგიურ სფეროში ცოტა ჩამოვრჩით და ეს უნივერსიტეტი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აკეთებს, იქნება ის გარღვევა, ის სარკმელი მსოფლიო განათლების სისტემაში, რომლითაც საქართველო კიდევ დაიბრუნებს თავის ღირსეულ ადგილს განათლების სისტემაში“, – განაცხადა სუბარმა.