ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 18 დეკემბერს გამოაცხადებს
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 18 დეკემბერს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.
თითქმის ხუთწლიანი განხილვების შემდეგ დღეს ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლა საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ზურაბ მიქაძემ.
ამასთან, დღეს პროკურატურამ საქმეზე ბრალდებულ ზაზა ბაქრაძისთვის საპროცესო შეთანხმების პირობები სასამართლოს გააცნო. დაეთანხმება თუ არა სასამართლო ბაქრაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ეს მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც მოსამართლე დავით მგელიაშვილი საქმეზე შემაჯამებელ განაჩენს გამოაცხადებს.
პროკურატურა ზაზა ბაქრაძისთვის სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთის მისჯას ითხოვს, რაც პირობით მსჯავრად უნდა გარდაიქმნას. ამავე პირობების მიხედვით, ზაზა ბაქრაძეს დაეკისრება 5000 ლარიანი ჯარიმა.
ხუთი ბრალდებულიდან ბრალს მხოლოდ ერთი, ზაზა ბაქრაძე აღიარებს. ის ამბობს, რომ წლების წინ სამართალდამცველებმა მტკიცებულებები გააყალბეს.
გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი კი თავს უდანაშაულოდ ცნობენ. ყველა მათგანს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება.