პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ჩამორთმეული ნაკვეთების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო
პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ჩამორთმეული ნაკვეთების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ორი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულთა უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი, ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.

პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე, 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.

სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მდებარე გოჩა მალანიას მიწის ნაკვეთი ფართობით 4000 კვ.მ და პირველ მაისში მდებარე ნანული გაბისონიას მიწის ნაკვეთები ფართობით 2 300 კვ.მ და 2 300 კვ.მ.

დეპარტამენტი მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული აღნიშნული მიწის ნაკვეთები.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას“, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე ეტაპობრივად დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას.

„ასევე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში ჩატარებული ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, ყოფილი მსჯავრდებულის, ლ.კ.-ს მიმართ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

აღნიშნულ საქმეზე, დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე გამოირიცხა ხსენებული პირის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის განაჩენით, ლ.კ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძვ.რედ) და 362-ე მუხლის 1 და 2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობით ჩაეთვალა 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე  დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

გამოძიება ლ.კ-ს ედავებოდა, რომ გ.წ.-მ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა არასრულწლოვან ც.ხ.-ს მშობლებთან მ.ხ.-სა და ჯ.ხ.-თან, რომელთაც ასესხა ფულადი თანხა, სესხის უზრუნველყოფის მიზნით კი იპოთეკით დაიტვირთა ც.ხ.-ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. თითქოს მ.ხ.-სა და ჯ.ხ.-გან მალულად, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულების შესრულების ვადა – 6 თვე გადაკეთებული იქნა 2 თვედ, რა ვადაშიც მოვალეებმა ვერ შეასრულეს ვალდებულება. საბოლოდ, ნოტარიუს მ.გ.-ს, მაკლერების გ.ჟ.-ს, ნ.ლ.-ს, გ.წ-ს და ლ.კ-ს დანაშაულებრივი ქმედებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ყალბი ჩანაწერის საფუძველზე, გ.წ. გახდა ც.ხ.-ს კუთვნილი, 50 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე.

ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სანოტარო აქტში, ხელშეკრულების შესრულების ვადად ,,2 თვე“ ჩაიწერა მოვალეთა თანხმობით. ასევე დადასტურდა, რომ ლ.კ-ს მიმართ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, შესაბამისად ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა ლ.კ-ს მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მსჯავრდებულის უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით.

რაც შეეხება გამამართლებელ განაჩენს, რომან ალთუნაშვილს მსჯავრი დაედო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების  უკანონო პრივატიზების ფაქტზე, ჩადენილი არაერთგზის. 2010 წლის 6 აპრილის რუსთავის რაიონული სასამართლოს  განაჩენით, იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, რომან ალთუნაშვილს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა თეთრიწყაროს რაიონში მდებარე მისი კუთვნილი, დაახლოებით 60 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებულად იქნა მიჩნეული.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ რომან ალთუნაშვილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სამსახურისთვის არ მიუწოდებია მცდარი ინფორმაცია. საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებებით და მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ რომან ალთუნაშვილს თეთრიწყაროს საკრებულოს ფონდში არ ჰქონდა დაბრუნებული, თავის დროზე იჯარით აღებული 43,6 ჰა მიწის ნაკვეთი და გააჩნდა კანონიერი საფუძველი, რომ 1997 წლის 10 ივლისს გაფორმებული №75 იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოეხდინა  60 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია. უფრო მეტიც, ხელახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული იქნა დოკუმენტური მტკიცებულება, რომლის თანახმად რომან ალთუნაშვილი ფიქსირდებოდა გადამხდელთა რეესტრში და იგი იხდიდა იჯარის გადასახადს ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთებზე. ამდენად მის მიერ ხსენებული ნაკვეთების სახელმწიფოსთვის თითქოს დაბრუნების ფაქტი არ დადასტურდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ რომან ალთუნაშვილისა მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით, საქმე წარიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2021 წლის 22 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ რომან ალთუნაშვილის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, რითაც შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი ჩამორთმეული ქონების კანონიერი მესაკუთრეზე დაბრუნებისთვის“, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 438 პირი, რომელთაგან 311 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 59 560 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 109 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 90 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.

დატოვე კომენტარი