ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი, სადაც აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ, ხვალ, 10:00 საათზე ჩაინიშნა.
ჯერჯერობით უცნობია, რა შუამდგომლობა ექნება პროკურატურას დაგეგმილ სხდომაზე.
ამასთან, ხვალვე უნდა განისაზღვროს წინასასამართლო სხდომის თარიღიც.
მივა თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში ჯერ უცნობია.
საქართველოს პირველი არხი ოქრუაშვილის პარტიის „გამარჯვებული საქართველოს“ პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ოქრუაშვილი სხდომაზე სავარაუდოდ არ მივა და პროცესი გადაიდება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილს ამ ეტაპზე ადვოკატი არ ჰყავს და შესაძლოა, მას სახაზინო ადვოკატი დაენიშნოს.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 19 ნოემბერს წარუდგინა.
პროკურატიურის განცხადებით, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება მათი ბრალდების შესახებ.
ზურაბ ადეიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.