ბუნებრივი აირის უკმარისობის გამო, უკრაინის სკოლებში სასწავლო პროცესი დროებით ჩერდება
ბუნებრივი აირის უკმარისობის გამო, უკრაინის სკოლებში სასწავლო პროცესი დროებით ჩერდება

ქვეყანაში გაზის უკმარისობის გამო, უკრაინის განათლების სამინისტრო ყველა სასწავლო დაწესებულებას 12 მარტამდე სასწავლო პროცესის შეჩერებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადება უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი აცხადებს, რომ გაზმომარაგებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება უახლოესი 5-6 დღის განმავლობაში დარეგულირდება.

„სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია. არანაირი ნეგატიური მოვლენები არ მოხდება. თუმცა ჩვენ უნდა ავამოქმედოთ წინასწარ შემუშავებული გეგმა, რომელიც ეკონომიურ მოხმარებას ითვალისწინებს. ყველა ტექნიკური სპეციალისტი მუშაობს. ასეთი შემთხვევებისთვის შემუშავებული გეგმა ამოქმედდა. ის ძალაში შევიდა ხუთი დღით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვითარება სამშაბათს საშტატო რეჟიმზე გადავიდეს“, – განაცხადა გროისმანმა პრესკონფერენციაზე.

28 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა „გაზპრომის“ წინააღმდეგ უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზის“ სარჩელი, კომპენსაციის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსულმა კომპანიამ „ნაფტოგაზს“ ტრანზიტისთვის გაზის შეთანხმებული მოცულობის არასრული მიწოდების სანაცვლოდ 4,63 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს. ამგვარად, „გაზპრომმა“ უკრაინულ ნავთობკომპანიას 2,56 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს, რადგან მანამდე არბიტრაჟმა კომპენსაციის გადახდა „ნაფტოგაზსაც“ დაეკისრა.

პირველ მარტს „გაზპრომმა“ უარი თქვა „ნაფტოგაზისთვის“ კონტრაქტით გათვალისწინებული გაზის მიწოდებაზე და უკრაინული მხარის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა უკან დააბრუნა. მოგვიანებით, „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ მისი კომპანია იძულებულია, დაუყოვნებლივ დაიწყოს „ნაფტოგაზთან“ გაზის ტრანზიტისა და მიწოდების შესახებ გაფორმებული კონტრაქტების შეწყვეტის პროცედურა. მისი თქმით, სტოკჰოლმის არბიტრაჟმა ორმაგი სტრანდარტებით იხელმძღვანელა და ასიმეტრიული გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მხარეების ინტერესთა ბალანსი დაარღვია. მიულერის თქმით, ამგვარად, „ნაფტოგაზთან“ კონტრაქტების მოქმედება „გაზპრომისთვის“ ეკონომიკურად არამიზანშეწონილი და არამომგებიანია.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ აღნიშნულ კონტრაქტებში მათი ცალმხრივად შეწყვეტა გათვალისწინებული არ არის.