ბუნებრივ მოვლენებზე ზემოქმედების ცენტრში აცხადებენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის შეუსაბამო მუშაობის გამო მწარმოებელი კომპანიისგან განმარტებას ითხოვენ
„ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის“ სპეციალისტები ინტენსიურად მუშაობენ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის მწარმოებელ ბულგარულ კომპანიასთან და ითხოვენ განმარტებას რაკეტის ტექნიკურ სპეციფიკაციასთან შეუსაბამო მუშაობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შპს „ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან“ აცნობეს.
„მიზეზების დადგენამდე, მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს შპს „ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი“, – აცხადებენ ცენტრში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა. სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარიდან გასროლილი ჭურვი ჯერ კიკილაშვილების სახლის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ოთახის ჭერი და იატაკი დააზიანა.