ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია 72 საათში ერთხელ სავალდებულო „პისიარ“ ტესტირებას გაივლის
ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სრული შემადგენლობით, 72 საათში ერთხელ სავალდებულო „პისიარ“ ტესტირებას გაივლის,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
აქვე განმარტებულია, რომ უცხო ქვეყანაში ვიზიტიდან დაბრუნებისას საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №322-ე დადგენილებით არის განსაზღვრული.
დადგენილების თანახმად, საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, უცხო ქვეყანაში ვიზიტიდან დაბრუნებისას ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ „პისიარ“ კვლევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში 29-30 სექტემბერს შედგება. გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატო-ს შტაბბინაში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყველა წევრს, ბრიუსელში გამგზავრებამდე „პისიარ“ კვლევა უკვე ჩაუტარდა.