გაერთიანებულ სამეფოში მოღვაწე მეცნიერთა ჯგუფს მიაჩნია, რომ ისინი პირველები დაიწყებენ ახალი კორონავირუსის ვაქცინის ცხოველებზე ტესტირებას. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 1100-ზე მეტი ადამიანი და 25 ქვეყანაში გავრცელდა.
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევართა განცხადებით, მათი მთავარი მიზანი იყო ეფექტიანი საშუალების შექმნა ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.
„ამ მომენტისთვის, ამ ბაქტერიიდან ჩვენ შევქმენით ვაქცინა, რომელიც უკვე შევიყვანეთ თაგვებში. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში განვსაზღვრავთ შესაბამის რეაგირებას, რომელსაც ამ თაგვებში ვიხილავთ, მათ სისხლში, მათი ანტისხეულების რეაგირებას კორონავირუსზე“, — ამბობს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევარი პოლ მაკკეი.
მეცნიერები მთელ მსოფლიოში გამალებით ცდილობენ შექმნან ვაქცინა უკვე კარგად ცნობილი ვირუსის ახალი შტამის შესაჩერებლად; ამ ვირუსს მეცნიერება წარსულში დიდი წარმატებით გაუმკლავდა.
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის განცხადებით, მათ არ იციან, რა ეტაპზეა ამჟამად სხვა მკვლევართა მიერ დაწყებული კვლევები.
ჩინეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, რამდენიმე დღის წინ, თაგვებზე ვაქცინის ტესტირება შანხაის უნივერსიტეტის მკვლევრებმაც დაიწყეს.
თუმცა, სააგენტო ანონიმურ წყაროს ეყრდნობა და ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ვაქცინის შექმნა შრომატევადი საქმეა, რომელსაც როგორც წესი, სჭირდება წლობით ცდები ცხოველებზე და შემდეგ ადამიანებზე.
ამის შემდეგ, მარეგულირებელი ორგანოები უნდა დარწმუნდნენ, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია და გასცენ მასობრივი წარმოების ნებართვა.
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი იმედოვნებს, რომ ამ პროცესს დააჩქარებს 2002-2003 წლებში SARS კორონავირუსის შესახებ ჩატარებული კვლევები.
მაკკეის განცხადებით, მათ იმედი აქვთ, რომ პირველები იქნებიან, ვინც ამ ვაქცინის კლინიკურ ცდებს ადამიანებზე ჩაატარებენ, რაც მათი მთავარი მიზანია.
„მას შემდეგ, რაც ერთი ცდის ფაზა დასრულდება, რასაც რამდენიმე თვე სჭირდება, დაუყოვნებლივ დაიწყება ეფექტიანობის ცდები ადამიანებზე, რასაც ასევე რამდენიმე თვე დასჭირდება“, — ამბობს იგი.
მისივე განცხადებით, წლის ბოლოს დიდი ალბათობით უკვე გვექნება ტესტირებული ვაქცინა, რომლის გამოყენებაც ადამიანებში სავსებით ეფექტიანი იქნება.
კორონავირუსის ახალი შტამის კვლევების უმეტესობა მთელ მსოფლიოში ამჟამად მიმდინარეობს ეპიდემიებისადმი მზადყოფნის ინოვაციების კოალიციის (CEPI) დაფინანსებით.
ორგანიზაცია 2017 წლის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეიქმნა და მიზნად ისახავს დაეხმაროს ფარმაცევტულ კომპანიებსა და უნივერსიტეტებს ძალების გაერთიანებაში სახიფათო და პრევენცირებადი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.
თუმცა, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი CEPI-ს პარტნიორ არც ერთ ჯგუფთან არ თანამშრომლობს და დაფინანსების საკუთარი წყარო აქვს.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.