ბრიტანეთმა შესაძლოა, „მაგნიტსკის აქტის“ მსგავსი კანონი მიიღოს
ბრიტანეთმა შესაძლოა, „მაგნიტსკის აქტის“ მსგავსი კანონი მიიღოს

დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა, „მაგნიტსკის აქტის“ მსგავსი კანონი მიიღოს, რომლის ფარგლებშიც, რუსეთის იმ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევებთან აქვთ კავშირი, სანქციები დაუწესდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Daily Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ემბერ რადმა „მაგნიტსკის აქტის“ ბრიტანული ანალოგის მიღების გეგმა უკვე შეათანხმეს.

როგორც The Daily Telegraph-ი წერს, აღნიშნული ინიციატივა დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლამდე გაჩნდა. კანონის მიღებას ლეიბორისტული პარტია და კონსერვატორების დიდი ნაწილი უჭერს მხარს. როგორც პარლამენტარმა რიჩარდ ბენიონმა განაცხადა, ამგვარი კანონის მიღებით დიდი ბრიტანეთი გაუგზავნის მკაფიო სიგნალს ყველას, ვისაც კავშირი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევებთან.

„მაგნიტსკის აქტი“ მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დოკუმენტს 2012 წლის დეკემბერში მოაწერა ხელი.

„სერგეი მაგნიტსკის აქტი“ რუსეთის თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, კერძოდ, მათ წინააღმდეგ, ვისაც უფლებადამცველები ბრიტანული ფონდის, Hermitage Capital Management-ის იურისტის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან დაკავშირებულად მიიჩნევენ. სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის ნოემბერში მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა.